“IRI-ს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნებზე პირველ ადგილს „ქართულ ოცნებას“ ვერავინ შეეცილება“
საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ IRI-ს მიერ გამოქვეყენებული საზოგადოებრივი კვლევის წინასწარი შედეგები შეაფასა. მისი თქმით, კვლევებში „ქართული ოცნების“ ლიდერობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სახელისუფლებო პარტიას პირველ ადგილს ვერავინ შეეცილება. ექსპერტმა მომდევნო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ადგილის დაკარგვა უწინასწარმერტყველა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი გასათვალისწინებელია, თუმცა, მისი თქმით, მეორე ადგილს, სავარაუდოდ, ან ბურჯანაძის გუნდი, ან ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები, „ან პატრიოტთა ალიანსი“, ან საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერია“ დაიკავებს.
ექსპერტმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ კვლევების მიხედვით მოსახლეობის სურვილი, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრი, არ შეცვლილა. „კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე პირველ ადგილს „ქართულ ოცნებას“ ვერავინ შეეცილება. რაც შეეხება „ნაციონალებს“, 21 მარტის აქციამ დაადასტურა, რომ მათ მეორე პოლიტიკური ძალის ადგილი უნდა დათმონ. მომდევნო არჩევნებზე ბრძოლა უფრო მეორე ადგილისთვის იქნება. მეორე ადგილი გაცილებით მაღალ წონას იძენს, ვიდრე ეს მეორე ადგილს უნდა ჰქონდეს. ამ ადგილის დასაკავებლად თანაბარი შესაძლებლობები აქვს რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას. ნუ გამოვრიცხავთ იგივე „ნაციონალურ მოძრაობას“, ირაკლი ალასანიას, ნინო ბურჯანაძეს, ირმა ინაშვილს. ვნახოთ, რას იზამს ახლად გააქტიურებული საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიაც“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ. შეგახსენებთ, რომ კვლევების მიხედვით პარტიების რეიტინგში პირველ ადგილს 40%-ით პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ იკავებს.