“17 ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას საპროტესტო წერილს უგზავნის”

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის თქმით, 17 ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას საპროტესტო წერილს უგზავნის.
როგორც დარჩიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროპარლამენტარები გიგი უგულავასთვის ახალი ბრალის წაყენებას აპროტესტებენ და ყოფილი მერისთვის ახალი ბრალის წაყენებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.
„ისინი თვლიან, რომ ახალი ბრალის წაყენება გიგი უგულავასათვის მიზნად ისახავს კონსტიტუციის იგნორირებას. ევროპული სამართლებრივი სტანდარტების იგნორირებით წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივება სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. წერილის ავტორები ასევე მოუწოდებენ მთავრობას, ყურად იღოს ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ოფისის კრიტიკული დასკვნა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, წერილს ხელს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრები აწერენ.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს რამდენიმე დღის წინ 2007 წლის ნოემბრის მოვლენების, ტელეკომპანია „იმედის“ , მთაწმინდის პარკისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმეებზე ბრალი დაუმძიმდათ. თბილისის ყოფილ მერს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები