პარლამენტმა სამშენებლო ობიექტებისთვის დაგეგმილ საგადასახადო შეღავათს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შეიტანა და გაჩერებული სამშენებლო ობიექტებისთვის დაგეგმილ საგადასახადო შეღავათს მხარი დაუჭირა. აღნიშნული შეღავათი კი იმ ობიექტებს შეეხება, რომელზეც მშენებლობის ნებართვა 2008 წლის 8 აგვისტომდეა გაცემული. კოდექსში შეტანილი ცვლილება საგადასახდო შეღავათის დაწესებას დამატებითი ღირებულების გადასახადზე ითვალისწინებს. კერძოდ, პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროექტის თანახმად, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელებული უძრავი ქონების მიწოდება და ასევე სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება.
პროექტის თანახმად, აღნიშნული საგადასახადო შეღავათის პირობა ასეთი სამშენებლო ობიექტების 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ექსპლუატაციაში შესვლაა. 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული ობიექტების ნუსხას მუნიციპალიტეტები განსაზღვრავს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც პარლამენტში წარდგენილ პროექტს განმარტებითი ბარათის სახით ერთვოდა თან, შეჩერებული მშენებლობების დასრულების შემთხვევაში, მომავალში მიწოდებით წარმოშობილი დღგ-ს ოდენობა, სავარაუდოდ, 103 000 000 ლარს შეადგენს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობები შეჩერებულია და შეღავათი მისი განახლება-დასრულების მიზნით წესდება. უწყების ცნობით, შეუძლებელია ზუსტად იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენა ექნება მათ ინიციატივას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ამასთან, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, საგადასახადო შეღავათი შეეხება 30-მდე სამშენებლო კომპანიის 65-ზე მეტ სამშენებლო პროექტს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში. სულ მისაწოდებელი ფართების ოდენობა 900 000 კვ.მ-ზე მეტს შეადგენს, ხოლო სარეალიზაციო ღირებულება მილიარდ 200 მილიონ ლარს აღემატება. ლაშა ხუციშვილის თქმით, უშუალოდ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომელთაც ასეთ მშენებლობებში ფართი აქვთ შეძენილი, 15 ათასამდე პირს შეადგენს. რაც შეეხება დამატებითი ღირებულების გადასახდის ოდენობას, ხუციშვილის განცხადებით, ის 200 მილიონ ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები