დავით საგანელიძე არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილებას მიესალმება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, არმაზ ახვლედიანის მიერ უფლებამოსილების შეჩერებას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სავარაუდოდ, ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს მომავალ სხდომაზეც იმსჯელებენ. “მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება სწორი იყო, იმიტომ რომ დეპუტატებმა მის განცხადებასთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობები და პროტესტი გამოთქვეს. ის, რომ არმაზმა უფლებამოსილება შეიჩერა, სწორია. მან განმუხტა ის დაძაბულობა, რომელიც არსებობდა, თუმცა ამას დაძაბულობაც შეიძლება არ ეწოდოს. იქნება თუ არა ეს საკითხი პოლიტსაბჭოს მომავალ სხდომაზე განხილული, არ ვიცი, თუმცა შეიძლება”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მდივანი არმაზ ახვლედიანი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში უფლებამოსილებას დროებით იჩერებს. ამის შესახებ მან დღეს განცხადება გაავრცელა. “ვწუხვარ, რომ მიმდინარე წლის 7 მარტს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ჩემი ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას ეხებოდა, არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. კვლავ ვიმეორებ, განსხვავებული აზრის პატივისცემა ჩემთვის უპირობო პრიორიტეტია, ამასთან, მივიჩნევ, რომ დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან წესრიგს და დისციპლინას. ვითვალისწინებ, რომ ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, აირჩიოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არ მსურს, რომ ჩემი ინტერვიუს საბაბით დაწყებულმა გაუგებრობამ თუნდაც ოდნავ შეუშალოს ხელი დეპუტატების არჩევანს. ამიტომ საჭიროდ მივიჩნევ, პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში შევიჩერო უფლებამოსილება, სანამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ განიხილება აღნიშნული ინტერვიუს გამო აგორებული უსაფუძვლო კომენტარების საკითხი”,- ნათქვამია არმაზ ახვლედიანის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები