თამარ ბერუჩაშვილი: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ურყევი კურსი, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიჰყვება

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ბოლო პერიოდში როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ევროატლანტიკურ კურსთან მიმართებაში კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება. მინისტრი აცხადებს, რომ კონკრეტული ინდივიდები, რომლებიც ნატოს აკრიტიკებენ, ამინდს ვერ ქმნიან.
ბერუჩაშვილის ინფორმაციით, რეგიონში პროცესები რთულია და აქტიურობენ ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს, თუმცა საპასუხოდ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს არჩევანი მუშაობს.
“ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ურყევი კურსი, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიჰყვება. თუ ნახავთ გამოკითხვების ბოლოდროინდელ სტატისტიკას, დარწმუნდებით, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, დაახლოებით 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ანალოგიურ კურსს, შესაბამისად, ჩვენ ვახორციელებთ იმ კურსს, რომელიც არის ქართველი ხალხის არჩევანი. რასაკვირველია, რეგიონში პროცესები რთულია, რასაკვირველია, აქტიურობენ ძალები, რომლებიც ნამდვილად ეწინააღმდეგებიან ამ არჩევანს. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი მოტივი საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგში არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად, ყველა ძალისხმევით, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით ვაჩვენოთ, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი მუშაობს და ამას კონკრეტული რეზულტატები აქვს”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით უამრავი სიახლეა და მოსახლეობის ფართო მასებამდე მიტანაზე ხელისუფლება მუშაობს. ერთ-ერთ კონკრეტულ შედეგად, რომელსაც საქართველო მიიღებს, ბერუჩაშვილმა დაასახელა ვიზა- ლიბერალიზაცია, რომელიც,, მისი თქმით, კონკრეტულ მოქალაქეებზე აისახება. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამჯერ გაზრდილია ის მხარდაჭერა და დახმარება, რომელსაც საქართველო იღებს ევროკავშირისგან.
“რაც შეეხება კონკრეტული ინდივიდების კომენტარებს ნატოსთან დაკავშირებით, მე ამაზე განსაკუთრებულ აქცენტს არ გავაკეთებ. შეიძლება მათ ასე სწამთ, მაგრამ ეს არის ხალხი, რომელიც ამინდს ვერ ქმნის ამ საკითხთან დაკავშირებით”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები