კახა კალაძე “ნაციონალებს” მიმართავს
ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას ეხმაურება. როგორც კალაძე აცხადებს, დასრულებულია ის დრო, როცა განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს დევნიდნენ. ამასთან, კალაძე მიიჩნევს, რომ 21 მარტს განსაკუთრებული არაფერი ხდება.
„კონტრაქციის შესახებ არაფერი მსმენია. რაც შეეხება 21 მარტის აქციას, განსაკუთრებული არაფერი ხდება. ჩვენს ქვეყანაში ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი.
ის დრო დასრულებულია, როცა განსახვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს დევნიდნენ, ხელკეტებით დასდევდნენ, ოჯახებს აუბედურებდნენ, ციხეებში აუპატიურებდნენ. საქართველოში ეს დრო დასრულებულია და მინდა ვუთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ აღარასოდეს დაბრუნდება“, – განაცხადა კახა კალაძემ. 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს.