ირაკლი ღარიბაშვილი: ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი უწოდა.
„რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეჟიმთან ე.წ. “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების” ხელმოწერა არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმული. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმულ ჩვენს არაერთ ნაბიჯს და ჩვენს ძალისხმევას. ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად ვაფასებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან ამგვარი არალეგიტიმური ხელშეკრულების გაფორმებას. ჩვენ ამ ბოლო თვეების განმავლობაში მაქსიმალურად მოვახერხეთ, რომ მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო აღნიშნული ფაქტი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოხდა ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმება ჯერ აფხაზეთთან, შემდეგ ცხინვალთან და მთელი მსოფლიო ნეგატიურად აფასებს მას,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.