“ახალგაზრდა ადვოკატები” აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩეულ დეპუტატებს კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებენ
ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადოკატები” აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩეულ დეპუტატებს კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევენ, რომ უკანასკნელ პერიოდში, უმაღლეს საბჭოში ვიცე-სპიკერის არჩევის საკითხთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები უმაღლესი საბჭოს ცალკეული დეპუტატის მხრიდან აჭარის კონსტიტუციის მიმართ უპატივცემულობას მიუთითებს, ან სახეზეა კონსტიტუციის უცოდინარობით გამოწვეული კანონდარღვევა.
,,ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტ ანა კიკნაძის განცხადებით, აჭარის კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სიის შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს”.
მოცემულ შემთხვევაში, თავმჯდომარის ან მის მოადგილეების არჩევას სჭირდება უმაღლესი საბჭოს 11 დეპუტატის ხმა. ამ თვალსაზრისით, “ახალგაზრდა ადვოკატების” შეფასებით, 2015 წლის 13 მარტს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად ჯემალ ფუტკარაძის 8 დეპუტატის მხარდაჭერით არჩევა, ანტიკონსტიტუციური ქმედებაა და პოლიტიკური დებატების ფორმატს სცდება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს ქმედება საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის დარღვევადაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
„საქართველოს კონსტიტუცია აჭარის კონსტიტუციაზე მაღლა დგას, რომლის თანახმადაც ,,არავის არა აქვს უფლება, მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება”.
“აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თვითნებურად ჩაატარეს სხდომა, არასაკმარისი მხარდაჭერით ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩეულად გამოაცხადეს კონკრეტული კანდიდატი და საზოგადოებას, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით აცნობეს, რომ უმაღლეს საბჭოს ,,კანონიერად” არჩეული ახალი მმართველი რგოლი ჰყავდა. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება სამართლებრივ ანალიზს მოითხოვს და არსებობს ე.წ. ,,ორხელისუფლებიანობის” საფრთხე”, – აცხადებს ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები”.
ორგანიზაცია არ გამორიცხავს, მომავალში, პოლიტიკური ძალაუფლებისათვის ბრძოლამ უგულებელყოს აჭარის კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც უმაღლესი საბჭოს საქმიანობის სამართლებრივ რეგლამენტაციას ეხება. ამ მიმართულებით ორგანიზაცია ცალკეული დეპუტატების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმის საკითხსაც არ გამორიცხავს.