კომიტეტის თავმჯდომარეების ვაკანსიები, სავარაუდოდ, მომავალი სასესიო კვირისთვის შეივსება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, კომიტეტის თავმჯდომარეების ვაკანსიები. სავარაუდოდ, მომავალი სასესიო კვირისთვის შეივსება. როგორც მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გარკვეული კომიტეტების თავმჯდომარეებზე შეთანხმება უკვე მიღებულია.
“მომავალი კვირისთვის მივიღებთ გადაწყვეტილებას კომიტეტების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით. ორ კომიტეტზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, გადაწყვეტილება დიასპორის კომიტეტთან დაკავშირებით უკვე მიღებულია, ასევე გადაწყვეტილება მივიღეთ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან დაკავშირებით. რაც შეეხება დანარჩენ კომიტეტებს, ამაზე მომავალ სასესიო კვირაში ვიმსჯელებთ”, – განაცხადა კობახიძემ.
ამჟამად ოთხ საპარლამენტო კომიტეტს თავმჯდომარე არ ჰყავს. დიასპორასთან ურთიერთობისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის პოსტზე უმრავლესობიდან წარდგენილია ორი კანდიდატი – “ქართული ოცნების” წევრი თემურ ჭკუასელი და ფრაქცია “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელი შალვა კიკნაველიძე. ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტს თამაზ მეჭიაურის კანდიდატურა შესთავაზა. ღიად რჩება ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვის კომიტეტების კანდიდატურების საკითხი.