20-მა სტომატოლოგიურმა კლინიკამ დარღვევების აღმოჩენის გამო მუშაობა შეწყვიტა
სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ინფექციური კონტროლის კუთხით თბილისსა და უმეტეს რეგიონებში დასრულდა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 20-მა დაწესებულებამ შეწყვიტა ფუნქციონირება, თუმცა ამ ოციდან ხუთმა შეიცვალა რეკვიზიტები, იურიდიული მისამართი, გამოასწორა ხარვეზები და განაახლა საქმიანობა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრისა მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, სტომატოლოგიური დაწესებულებების ფუნქციონირების შეწყვეტის მიზეზი ინფექციის არასათანადო კონტროლია.
” საკონსულტაციო ხასიათის შემოწმება სპეციალური ხასიათის კითხვარით მიმდინარეობდა. ჩვენი თვითმიზანი კლინიკების დახურვა კი არ იყო, ჩვენს მიზანს კლინიკებში ინფექციის კონტროლის ამაღლება წარმოადგენდა. მონიტორინგის პრინციპის არჩევამ ძალიან კარგი როლი შეასრულა. კლინიკებში ამაღლდა კონტროლი. დღეს შეიძლება ითქვას, რომ აპარატურა, რომელიც სტერილიზაციისთვის არის განკუთვნილი, დეფიციტია, რადგან სტომატოლოგიურმა კლინიკებმა აქტიურად დაიწყეს ამაზე ყურადღების მიქცევა. რაც წარმატებაზე მიანიშნებს”, – განაცხადა კვარაცხელიამ.
გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა ოთხი დაწესებულება, რომლებიც დაკეტილი იყო და ვერ მოხერხდა მათი შემოწმება. სტომატოლოგიურ კაბინეტებში მონიტორინგი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში სულ დაახლოებით 1700 რეგისტრირებული სტომატოლოგიური კლინიკაა. შესამოწმებელი დარჩა ქართლისა და კახეთის რეგიონები, რომელთა შემოწმება ხუთ დღეში დასრულდება. მისივე თქმით, ასევე მოწმდება სტომატოლოგიური კლინიკები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული. ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს სილამაზისა და ტატუს სალონებში, ასევე, საავადმყოფოს ეზოებში.