ჯაბა სამუშია: იძულებული ვარ, ჩემი ოჯახის ტკივილი გავიხსენო
თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ჯაბა სამუშია საკუთარი ოჯახის ტრაგედიაზე საუბრობს. საკრებულოს წევრი განმარტავს, თუ რატომ გამოიწვია მითქმა-მოთქმა სატელევიზიო ჩართვის დროს შვილების თემამ. როგორც სამუშია აღნიშნავს, მას ოთხი შვილი ჰყავს, მათ შორის ერთი გარდაცვლილი.
„რამდენიმე ჩემმა მეგობარმა მითხრა – იმ გადაცემაში რამ დაგაბნია, შვილების რაოდენობა როგორ შეგეშალაო. ისე კარგად გამოიყენეს ეს დამკვეთებმაო. ეს ჩემი ოჯახის ტრაგედია ამ უნამუსო ჟურნალისტებმა სახუმაროდ აქციეს. მე ხშირად წამომცდენია, ოთხი შვილი მყავსო, იმიტომ რომ მართლა ასეა, ოღონდ ერთი გარდაცვლილია. არ მინდოდა ამაზე წერა, მაგრამ იმდენმა მითხრა ეს დეტალი, იძულებული ვარ ჩემი ოჯახის ეს ტკივილი გამეხსენებინა. ის, რაც ჩემთვის ტრაგედიაა, ნაძირალა დამკვეთებისთვის სტატისტიკა აღმოჩდა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამიტომაა ჩემი თორნიკე და დათა უწმინდესის ნათლულები რომ არიან. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ, ჩემო მეგობრებო“, – წერს ჯაბა სამუშია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯაბა სამუშიამ ერთ დღეში თბილისში სამი ბინა შეიძინა. ამის შემდეგ საკრებულოს დეპუტატმა ტელევიზიით, განმარტებები გააკეთა.
„ახლა გადავხედე ამ დღეებში ჩემს წინააღმდეგ დაწყებული ბინძური კანპანიის გამოხმაურებებს. ასობით ადამიანი გამომეხმაურა და დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. მართლა ვერ გავიგე, რას მედავებოდნენ. მე მგონია, მსოფლიოში პირველადაა, კაცს პასუხს სთხოვდნენ იმაზე – ვალი რატომ აიღეო. მთავარი ეს არ არის. ჩემი მეზობლები ნუცუბიძის პლატოზე და ნახალოვკაში დღეს მეუბნებიან, რომ რამდენიმე დღეა ვიღაცები დადიოდნენ და ჩემს შესახებ რაღაცებს კითხულობდნენ. მართლა ვცხოვრობდი ამ მისამართზე თუ არა. კიდევ სხვაგან ხომ არ მქონდა სახლი ან აგარაკი. ეძებეს, ეძებეს და აღმოაჩინეს ჩემი ვალი. კიდევ ეძებეთ…ღმერთმა ხელი მოგიმართოთ“, – აღნიშნავს ჯაბა სამუშია.