თამარ ბერუჩაშვილი რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას გმობს
რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა. მთავარი დიპლომატი გმობს აღნიშნულ შეთანხმებას და აცხადებს, რომ ხელშეკრულებას არ გააჩნია არანარირი იურიდიული ძალა. მისივე თქმით, ის ეწინააღმდეგება ყველანაირ საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს.
„ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი. ასევე, ყველა საერთაშორისო ვალდებულების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ამასთან ერთად, ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც ანექსიისკენ მიმართულ ქმედებას. ამის თაობაზე საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა მისი პარტნიორი ქვეყნებისგან. ის ფაქტი, რომ ამ ხელშეკრულებას არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა და ის რომ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს, ამის თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობას და მთელ დემოკრატიულ საზოგადოებას აქვს ერთიანი, მკაფიო პოზიცია. ჩვენ მათთან ვმუშაობთ ამ კონკრეტულ საკითხზე და ყველა საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციასთან“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.