გიორგი მარგველაშვილმა “ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი თურქეთში დასრულდა. პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ქალაქ ყარსში თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა. ქვეყნის პირველმა პირმა დღეს თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ (TANAP) პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალურ ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც მან განაცხადა, საქართველომ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა შეძლო და აჩვენა მსოფლიოს თუ როგორ არის შესაძლებელი წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის მოდელის შექმნა.
“დღეს ჩვენ მონაწილეობას ვღებულობთ „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ (TANAP) საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში და ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი წარმატებული იქნება. აღნიშნულის თქმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი სამი ქვეყნის უკვე არაერთი მიმართულებით არსებული წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები.
მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება შაჰ-დენიზის მეორე ეტაპის შემადგენელი პროექტია. აუცილებელია აღინიშნოს, რომ შაჰ-დენიზის მეორე ეტაპის და სამხრეთის დერეფნის პროექტები რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარიან ინვესტიციას მოიცავს, საიდანაც მოსალოდნელია, რომ 2 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება. სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება საქართველოს დამატებითი გაზის მიწოდების შესაძლებლობასაც მოუტანს.
პროექტის განხორციელების პერიოდში ქვეყანაში შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, განხორციელდება ახალი მილსადენის მშენებლობა, დამატებით დაიტვირთება საქართველოს საპორტო და სარგინიგზო ინფრასტრუქტურა, ამავდროულად, წახალისდება პროექტის თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარება, ქვეყანაში გაჩნდება ახალი შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის.
პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ერთი მხრივ რეგიონის ქვეყნების, ხოლო მეორე მხრივ ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს გართულებული და არასტაბილური პოლიტიკური ვითარების ფონზე, როდესაც მნიშვნელოვნად გაზრდილია ენერგეტიკის პოლიტიკური გავლენის და ზეწოლის ბერკეტად გამოყენების საფრთხე.
საქართველომ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა შეძლო და აჩვენა მსოფლიოს თუ როგორ არის შესაძლებელი წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის მოდელის შექმნა არა მხოლოდ ენერგეტიკის მიმართულებით.
საქართველო იყო და არის ევროპასა და აზიას შორის არსებული კარიბჭე, რომელიც უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს საუკუნეების მანძილზე. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კონტინენტის 14 ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნიდან 8 სწორედ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით სარგებლობს. თუმცა, წარმოუდგენელია რეგიონში მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლის შენარჩუნება და განვითარება პარტნიორი, მეგობარი ქვეყნების გარეშე.
ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას, მეტ ეკონომიკურ ინტეგრაციას მნიშნელოვანწილად განაპირობებს „აბრეშუმის გზის“ მიმართულება, რომელიც დღესდღეობით ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ეკონომიკურ დერეფნად მიიჩნევა. „აბრეშუმის გზის“ განვითარების ფაგლებში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მჭიდრო თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში.
ქვეყნის შედარებით მცირე ზომიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდა შესაძლოა მნიშნელოვნად ეფუძნებოდეს მსხვილ რეგიონალურ პროექტებს, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია მიმდინარე საერთაშორისო პროექტები. სამი ქვეყნის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ნავთობის, გაზის, ელენტროენერგიის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით.
ჩვენ მიერ განხორციელებულ წარმარტებულ პროექტებში აუცილებელია აღინიშნოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც ნავთობის კასპიისა და ხემელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია და „ბაქო-თბილისი-ერზურუმის“ სახელწოდებით ცნობილი სამხრეთ-კავკასიური მილსადენი, რომელიც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის თურქეთში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის ფარგლებში. პროექტი უზრუნველყოფს თურქეთთან ერთიანი ენერგეტიკული სისტემის შექმნას, ამასთან თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდას. ცხადია პროექტი დამატებით უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოინფრასტრუქტურის განვითარებას, ქვეყნის ენერგოსისტემის მუშაობის მდგრადობას.
სამი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითს წარმოადგენს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიზო ხაზებს. ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნების მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოვახერხოთ ევროპას, კასპიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ნაკადების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება და შესაბამისი სატრანსპორტო დერეფნის ფორმირება, გაუმჯობესება.
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა წარმატებულია ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. საქართველოსათვის თურქეთი და აზერბაიჯანი პირველი და მეორე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია გასული წლის მონაცემების მიხედვით. ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ სამ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პოტენციალი კიდევ უფრო მეტია. აუცილებელია ასევე აღინიშნოს თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების დაინტერესება საქართველოს მიმართ; გასულ წელს თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით პირველ და მესამე ადგილს იკავებენ.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, თურქეთის და აზერბაიჯანის წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში კარგი საფუძველია კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების გაღრმავებისა და კონკრეტული პროექტების ინიცირების მიმართულებით. ცხადია, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ენერგეტიკული პოტენციალის სრულად გამოყენების თვალსაზრისით, ვინაიდან სწორედ რეგიონის ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა მნიშნელოვანი წინაპირობაა ევროკავშირისათვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირებისა და ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.