საკრებულოს შენობა, წმინდა პარტიკის დღესთან დაკავშირებით, სიმბოლურად, მწვანედ გაანათეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა, წმინდა პარტიკის დღესთან დაკავშირებით, სიმბოლურად, მწვანედ გაანათეს. ღონისძიება ქალაქების – თბილისისა და დუბლინის დამეგობრებას მიეძღვნა.
მასში მონაწილეობა მიიღეს ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს დეპუტატებმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა.
ზეიმს, საკრებულოს შენობასთან, საქართველოში აშშ–ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. აქვე იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოში მყოფი ირლანდიელი ტურისტები და რიგითი მოქალაქეები. „მინდა გავიმეორო, ცნობილი ირლანდიელი პოეტისა და დრამატურგის უილიამ ბატლერ იეიტსის სიტყვები, რომ აქ არ არიან უცნობები, არიან მხოლოდ მეგობრები, რომლებიც ჯერ არ გამიცვნია. ძალიან ქართულად ჟღერს ეს სიტყვები და შეგვახსენებს, რომ ირლანდიელებთან ბევრი გვაქვს საერთო კულტურულადაც, სულიერადაც და ღირსებითაც“, – განაცხადა ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.
გიორგი ალიბეგაშვილი მიესალმა იმ ფაქტს, რომ პირველად საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებით, სწორედ საკრებულოს შენობა განათდა მწვანე ფერად.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ პირველად ეს დღესასწაული სწორედ ქალაქის საკრებულოს შენობის წინ გაიმართა. იმედია, მისი აღნიშვნა ტრადიციად იქცევა და ქართველი და ირლანდიელი ერების დამეგობრებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ღონისძიების მონაწილეებს, საკრებულოს შენობის წინ დამონტაჟებული ეკრანიდან ქალაქ დუბლინის მერი მიესალმა.
წმინდა პატრიკის დღე ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც მთელ მსოფლიოში 17 მარტს აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ ირლანდიის ტურიზმის სააგენტო ირლანდიელ ტურისტებს რეკომენდაციას უწევს საქართველოს და თბილისს ეწვიონ. აღნიშნულ აქციას მსოფლიოს ბევრი ქალაქი უერთდება და 17 მარტს მწვანედ ნათდება მსოფლიოს არაერთი ღირშესანიშნაობა: თავისუფლების ქანდაკება, პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, სიდნეის ოპერა და ა.შ. თბილისი აქციაში მონაწილე ქალაქებს შორის წელს პირველად მოხვდა.