დავით უსუფაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.
“ირაკლი ღარიბაშვილს მივმართავ, სჯობს ჩვენი გაკეთებული საქმეებით დავანახოთ საზოგადოებას უპირატესობა და ამით უკეთესად მოხდება ვიღაცეების რადარებიდან გაქრობა”,- განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ხელკეტით ბრძოლა შედეგს არ მოიტანს. “კანონის არასწორი გამოყენებით და გულზე მჯიღის ცემით” ისინი მხოლოდ გაძლიერდებიან.
“ეს ხალხი დღემდე მოვიდა, როგორც მოვიდა დიდწილად იმიტომ, რომ მათთან პოლიტიკური ბრძოლა ძალიან ხშირად არასწორად დაგეგმილი და გათვლილი იყო. თუ ჩვენ მიზნად დავისახავთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის” ან თუნდაც “რესპუბლიკური პარტიის” გაქრობას, პოლიტიკურად “რესპუბლიკურ პარტიას” ეს მხოლოდ აძლიერებს. ამიტომ მივმართავ ყველას, ვინც “რესპუბლიკური პარტიის” განადგურებით არის დაკავებული, გააგრძელეთ. ეს არის პოლიტიკის კანონი. თუ გინდა პოლიტიკური ოპონენტის დამარცხება, ის არ უნდა აქციო მნიშვნელოვან მოვლენად, მას არ უნდა მიაწერო იმის კეთებაც კი, რაც არც კი დასიზმრებია, რომ ყველაფერს ის აკონტროლებს, რომ ყოვლისშემძლეა. ბოლოსდაბოლოს, ხალხი გიყურებს და ფიქრობს, კი მაგრამ, თუ ის არის ყოვლისშემძლე, შენთან რა მინდა, იმასთან მივდივარ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.