პრეზიდენტი პარლამენტში გამოსვლამდე ექსპერტებთან კონსულტაციებს გადის
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის აქტიურად ემზადება. მისი ადმინისტრაციის წევრები სხვადასხვა დარგის ექსპერტებს ხვდებიან და ეკონომიკისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებთან კონსულტაციებს გადიან.
უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილისა და მისი მოადგილის, ივლიანე ხაინდრავას თქმით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 31 მარტს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე გაამახვილებს.
„ძირითადი საკითხები უსაფრთხოებისა და თავდაცვის ბლოკში იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებული პრობლემები, რუსული ექსპანსიონიზმი და მათ შორის, რუსული რბილი ძალის მოქმედება და გააქტიურება საქართველოში, ეს არის ისლამური სახელმწიფო და იქიდან მომდინარე პრობლემები, რომლებიც საქართველოსა და კავკასიასაც ეხება,” – აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა.
ირინა იმერლიშვილი 31 მარტს დანიშნული სხდომის შესახებ კი ამბობს, რომ პრეზიდენტი და პარლამენტის წევრები უფრო მომზადებულები იქნებიან მოხსენების წარსადგენად და მოსასმენად.
„პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება 31 მარტს ჩაინიშნა. ერთი მხრივ, ჩვენ მზად ვიქნებით ამ მოხსენებისთვის და მეორე მხრივ, უკვე ძირითადი გზავნილები ეცოდინება საზოგადოებას და პარლამენტის წევრებიც უფრო მზად დახვდებიან პრეზიდენტის მოხსენებას“, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.