საქართველო მდინარე ფსოუზე სასაზღვრო ზონის შექმნის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის ფედერაციისა და მის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო, რომელიც 2014 წლის 20 იანვრიდან 21 მარტამდე მდინარე ფსოუზე სასაზღვრო ზონის შექმნას გულისხმობს ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საგარეო საქმეთა სამინისტო, რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ და შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციისა და მის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო, რომელიც გულისხმობს 2014 წლის 20 იანვრიდან 21 მარტამდე მდინარე ფსოუზე სასაზღვრო ზონის შექმნას. აღნიშნულმა უკანონო ქმედებამ განაპირობა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 11 კილომეტრით საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევა. საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონის შექმნა, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე, კიდევ ერთხელ ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და წარმოადგენს რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას. აღნიშნული უკანონო ქმედება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმის ფონზე, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გრძელდება მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლების პროცესი, მნიშვნელოვნად იზღუდება ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლება და მიმდინარეობს სამხედრო კონტინგენტის გაზრდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ და შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები, უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები”, – ნათქვამია საგარეო სამეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ აფხაზეთში, მდინარე ფსოუზე არსებული სასაზღვრო ზონა აფხაზეთის სიღრმეში, 11 კილომეტრით გადმოიწევს.ამის მიზეზად სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები სახელდება. აღნიშნული მდგომარეობა 20 იანვრიდან 21 მარტამდე შენარჩუნდება.