დიმიტრი ლორთქიფანიძე 21 მარტის აქციის შეზღუდვას ითხოვს

პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ 21 მარტის აქციას ეხმაურება. როგორც ლორთქიფანიძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, 21 მარტის აქციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციების მოწყობაა მოსალოდნელი, რაც შემდგომ არეულობას გამოიწვევს. ყოფილი დეპუტატი აქციის შეზღუდვას ითხოვს.
„დღეს საზოგადოებას 21 მარტს გასამართი აქცია აწუხებს. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ძალიან სერიოზულ განცხადებებს აკეთებენ. ისინი მიუთითებენ კონკრეტულ პროვოკაციებზე. იგეგმებოდა ყოფილი მაღალჩინოსნების, ამჟამად პატიმრობაში მყოფთა მოწამვლა, რათა პროვოცირება მომხდარიყო და საზოგადოების პროვოცირების ფონზე დაგეგმილი აქციისთვის მუხტი გაზრდილიყო. ასევე, გარკეული წრეებიდან ცნობილია, რომ უკრაინიდან საქართველოში ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან გარკვეულ სამხედრო ექსპანსიაში მონაწილეობის მისაღებად. მათ შორის სნაიპერებიც სახელდებიან. კანონში წერია, რომ შესაძლებელია აქცია შეიზღუდოს, როდესაც შეზღუდვით განცდილი სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. უკვე ლეგიტიმური საფუძველი არსებობს, რომ სახელმწიფო უწყებამ, ამ შემთხვევაში პროკურატურამ, მიზანშეწონილად მიიჩნიოს ის საფრთხეები, რომელთა გამოწვევის წინაშე შესაძლოა საზოგადოება დადგეს. ხელისუფლებიდან არავის აქვს უფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს. ჯერ გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს, და როცა დადგინდება, რომ არაფერს ხელი არ ეშლება და რეალურად, საფრთხეები ნეიტრალიზებულია, ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ ძალას უფლება აქვს მსგავსი ტიპის აქცია მოაწყოს“,-აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები