მანანა კობახიძე “ნაციონალებს” “უფლების ბოროტად გამოყენებაში” ადანაშაულებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის და უმრავლესობის დეპუტატის, მანანა კობახიძის თქმით, დღეს მოწვეულ რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის არ გამოცხადება პრეზიდენტისადმი ბოიკოტის გამოხატულებას არ წარმოადგენდა, – ამის შესახებ კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში “რეაქცია, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, დღევანდელი რიგგარეშე სხდომა სხდომისთვის იყოს მოწვეული და მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა.
“პრეზიდენტისთვის ბოიკოტი არ გამოგვიცხადებია. რა თქმა უნდა, არსებობს კანონი, კონსტიტუციით, რეგლამენტით გაწერილი უფლებები, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლოს პარლამენტის წევრთა გარკვეულმა რაოდენობამ… ვნახეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უკვე მეორედ გამოიყენეს ეს უფლება და პრეზიდენტს მიმართეს, არსებობს ასეთი ცნებაც – უფლების ბოროტად გამოყენება. “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ყოველ კვირაში ასეთი მოთხოვნის წამოყენებას მე დავარქმევდი სწორედ უფლების ბოროტად გამოყენებას. რადგან კანონში წერია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველკვირეულად გამოიყენო ეს უფლება“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარლამენტში რიგგარეშე სხდომა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე იყო მოწვეული, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომა 12.00 საათისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის წარმომადგენლები არ მივიდნენ.