გიორგი აბაშიშვილი: მთავრობის სტრატეგიული ხედვა ეკონომიკაში უფრო ნათელი უნდა იყოს

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მთავრობის სტრატეგიული ხედვა ეკონომიკაში უფრო ნათელი უნდა იყოს. როგორც მან დღეს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მიმართვისას აქცენტს გააკეთებს ლარის კურსის მერყეობაზე და, შესაბამისად, ეკონიმკური ზრდის პროგნოზის შემცირებაზე.

“ცხადია, მნიშვნელოვანია კითხვა, რა არის მთავარი გამომწვევი მიზეზი და როგორ შეიძლება მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტიპის მოვლენები”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკის მიმართულებით პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ეკონომიკის იკლუზიური განვითარების აუცილებლობაზე.

“როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის ინკლუზიურ განვითარებაზე, ცხადია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც მათ შორის მმართველი გუნდის მხრიდან თავიდანვე იყო გაცხადებული მიმართულება. ეს გულისხმობს ეკონომიკური ზრდის პროცესში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას, დასაქმების უზრუნველყოფას, უთანასწორობის შემცირებას.

რაც შეეხება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირთან, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის კიდევ უფრო დიდი როლი შეასრულოს. რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება, საქართველოს როლიდან გამომდინარე, კასპიის და შავ ზღვას შორის როგორც ტვირთების გადაადგილების, ისე ენერგოპროდუქტების გადაადგილების მიმართულებით განსაკუთრებულია. შესაბამისად, ამ კუთხით, ვფიქრობთ, რომ მეტია სამუშაო, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებითაც”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ჯერჯერობით მაინცდამაინც მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის.

„რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის წილს ქართულ ეკონომიკაში, ეს კვლავ მცირეა – 20%. ასევე იყო საუბარი მცირე და საშუალო ბიზნესის როლის გაზრდაზე, თუმცა ამ ეტაპისთვის ვხედავთ, რომ აღნიშნული მიმართულებით ჯერჯერობით მაინცდამაინც მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ბიზნესგარემოს გაუარესების რისკზე და აღნიშნა, რომ გარკვეული ინიციატივები, სანამ კანონპროექტად, ან კანონად იქცევა, განხილული უნდა იქნას ბიზნესწრეებთან.

“არის ცალკეული შემთხვევები, ცუდი სიგნალი ინვესტორებისთვის, სწორედ ამას ებმის შემდგომი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მთავრობის მხრიდან მეტი კომუნიკაციის საჭიროებასთან ბიზნესთან. ჩვენი აზრით, ნებისმიერი ტიპის ინიციატივა, რომელიც ბიზნესს შეეხება, პირველ რიგში, მის კანონპროექტად ქცევამდე აუცილებელია განხილულ იქნას ბიზნესთან და სწორედ ამის შემდეგ იქნას მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ გვქონდა ქეისები იმის, რომ ჯერ მოხდა გარკვეული საკითხის კანონპროექტად ქცევა და მხოლოდ შემდეგ, ბიზნესის მხრიდან გარკვეულ რეაქციებს მოჰყვა რაღაც ცვლილება, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობთ, უფრო მნიშვნელოვანია დასაწყისში იყოს კომუნიკაცია”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები