ირაკლი ღარიბაშვილი მედიას და ოპოზიციას მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციურ ძალებს ეკონომიკურ ვითარებასთან მიმართებაში აჟიოტაჟის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. პრემიერის შეფასებით, ოპოზიციის ქმედებები ფარისევლობაა.
“მართლაც, გამაოგნებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხეს ჩვენმა ოპოზიციურმა ძალებმა. თუ ისინი რეალურად არიან დაინტერესებულნი ხალხის მდგომარეობით, თუ რეალურად განიცდიან საქართველოში წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს და დღეს არსებულ ყოფას, მინდა მათ მივმართო, რომ შეწყვიტონ აჟიოტაჟი. გუშინ ჩვენ ვიხილეთ, რომ პარლამენტში ძალიან ცივილურ ფორმებში შედგა საკომიტეტო მოსმენა. მასზე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები იყვნენ წარმოდგენილები, რომლებმაც ყველა კითხვას გასცეს პასუხი, ჩვენ მოვახსენეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. გასული წელი, მართლაც, პოზიტიური წელი იყო, მაგრამ წელს ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისნი, რადგან მთელ მსოფლიოში რთული ვითარებაა. ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის ეკონომიკა კი მიბმულია მსოფლიო ეკონომიკასთან. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი ფარისევლობაა, რასაც ისინი აკეთებენ. ჯერ 2-ჯერ მოითხოვეს სხდომა, შემდეგ 2-ჯერ დანიშნეს თუ ვერ დანიშნეს. აბსოლუტურად გაუგებარია. ეს ჩვეულებრივი ფარისევლობაა. ისინი არ არიან დაინტერესებულები ჩვენი ქვეყნის ბედით, მათი პრობლემებით. მათი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო დაძაბონ არსებული ვითარება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა, ოპოზიციური ძალების გარდა, მედიასაც მიმართა.
“ეკონიმიკას სჭირდება მშვიდი გარემო. რეალური ქმედებები და არა აჟოიოტაჟი და გაუგებარი ყვირილი, რომელიც არავის არ სჭირდება. მოსახლეობას არ უნდა ყვირილის მოსმენა. მოსახლეობას სჭირდება გაიგოს, თუ რას აკეთებს მთავრობა. ამიტომ იგივეს მოგიწოდებთ არა მარტო ოპოზიციურ ძალებს, არამედ ჟურნალისტებსაც, რომლებიც ჩართულნი ხართ ამ ქაოსში და რეალურად ქმნით ქვეყანაში ქაოსს, ვინც რეალურად ხართ დაინტერესებულები, რას აკეთებს მთავრობა სიტუაციიდან გამოსვლის კუთხით, შეგიძლიათ, ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები