საქართველოსა და კოლუმბიის უწყებათშორისი ვიდეოკონფერენცია საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოსა და კოლუმბიის რესპუბლიკის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების მონაწილეობით ვიდეოკონფერენცია გაიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიდეოკონფერენცია სახელმწიფო სერვისებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შესახებ გამოცდილების გაზიარებას მიეძღვნა. კონფერენციაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის მომსახურების განვითარების დირექტორმა ირაკლი ლომიძემ, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მაკა ხვედელიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, კონსტანტინე ელიზბარაშვილმა და შსს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსმა როდიონ ქორჩილავამ.
ვიდეოკონფერენციას მოდერირებას უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი დავით ჭოჭუა. კოლუმბიის მხარეს წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამინისტროების, ეროვნული საბაჟო და საგადასახადო დირექტორატისა და კოლუმბიის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები. მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოში წარმატებით განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმების, გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურების, საჯარო სერვისების ეფექტური ფუნქციონირებისა და მართვის საკითხები და მათი კოლუმბიაში დანერგვის შესაძლებლობები. ვიდეოკონფერენციის ფარგლებში გამოიკვეთა თანამშრომლობის ის სფეროები, რომლებიც უფრო დეტალურად იქნება განხილული კოლუმბიის უწყებათშორისი დელეგაციის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ხსენებული მიმართულებები 2014 წლის 6-7 ნოემბერს კოლუმბიაში ჩატარებული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციის რაუნდის ფარგლებში შემდგარი განხილვების გაგრძელებას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები