გიგი უგულავა ლევან ვასაძის წერილს – „გარყვნილების პროპაგანდის ანატომიას“ პასუხობს
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ბიზნესმენ ლევან ვააძის წერილს „გარყვნილების პროპაგანდის ანატომიას“ საპასუხო წერილითვე პასუხობს და შემდეგი სიტყვებით ასათაურებს: „ბოლო ჟამის მქადაგებელი – ლევან ვასაძის ჭმუნვების პასუხად“.
აღნიშნულ წერილში უგულავა „გარყვნილების პროპაგანდის ანატომიაში“ ვასაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს აკრიტიკებს და მას სხვადასხვა ბრალდებას უყენებს. “ვასაძის წარმოდგენით საქართველოს და მსოფლიოს ერთადერთი პრობლემა გარყვნილი დასავლეთია და ლიბერალიზმია. კვლავ არც ერთი სიტყვა რუსეთზე. სავარაუდოდ, ჩვენ და რუსეთს დასავლეთის მავნე ზემოქმედება ერთნაირად გვემუქრება და ალბათ ერთიანი ფრონტითაც უნდა ვიბრძოლოთ”, – წერს უგულავა.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ უგულავას საპასუხო წერილს წერილივითვე უპასუხა. უცვლელად გთავაზობთ “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული წერილის ნაწილს: “გიგი, გამარჯობა! გადმომიგზავნეს შენი ჩემდამი შეურაცხმყოფელი ბლოგი (რამდენი გიწვალია) და ჩემდა გასაკვირად, გადავწყვიტე მეპასუხა – პირდაპირ შენდამი მომართვით. მე, ზრდილობის ჩემეული გაგებიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად, ვერიდები ხოლმე პიროვნულ დაპირისპირებებსა და ადამიანების დასახელებას, (იმ იშვიათი, სამწუხაროდ, აუცილებელი გამონაკლისების გარდა, როდესაც პიროვნება რეჟიმისა თუ პარტიის სინონიმი ხდება) მით უმეტეს, მათი, ვისაც ვიცნობ. და ყოველთვის ვცდილობ, გავაკრიტიკო თავად ორგანიზაცია, ან რეჟიმი (როგორც თქვენს შემთხვევაში), ან იდეოლოგია, რომელსაც არ ვეთანხმები. მაგრამ რა გაეწყობა, რადგან შენ ასე არჩიე, ასე იყოს. არ მინდა უპასუხოდ დაგტოვო, მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა თავი გაგიყადრო. თანაც თავად ამბობ რომ გიხალისებ ციხის ერთფეროვნებას და თუმცა მე, როგორც ალბათ ხვდები, შენს გასახალისებლად ამას არ ვაკეთებ, იქნებ ამისათვის მაინც გამოგადგეს ჩემი ეს პასუხი, სხვა რამისთვის თუ არა. არ დამიჯერებ, მაგრამ ჩემი ძირითადი ემოცია შენი წერილის წაკითხვის შემდეგ არის შენდამი თანაგრძნობა. ისეთ განსაცდელში მყოფ კაცს (მე მხოლოდ ციხეს არ ვგულისხმობ), როგორშიც შენ ხარ, მხოლოდ გათავისუფლება და ოჯახთან დაბრუნება მინდა გისურვო. გონზე მოსვლას არ გისურვებ, უფრო მეტად რომ არ გაგაჯიუტო და არ დაგაბრკოლო, ეს, სამწუხაროდ, ისედაც არ გაკლია. და თუმცა მე ამასწინათ ვთქვი სააკაშვილზე – იმედია, ჩამოვა საქართველოში და ჩაჯდება ციხეში-მეთქი, მაგრამ ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მისი დარჩენილი სიცოცხლისათვის ერთადერთ, მისთვისვე სასიკეთო გამოსავლად მიმაჩნია იმის ფონზე, რაც თქვენ აკადრეთ საკუთარ ხალხსა და სახელმწიფოს”,- ნათქვამია წერილში.