ირაკლი ლექვინაძე: ჩემი მიზანი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მოქალაქეების საკეთილდღეოდ განხორციელებაა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და 5 ახალი კადრი წარადგინა.
ერთ-ერთი ახალი კადრი, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ აღნიშნული თანამდებობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. იგი ამბობს, რომ აქტიურად გაეცნობა ტრანსპორტის, სპორტის და სხვა მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების მუშაობას და შეეცდება, ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს.
„ჩემთვის ამ პოსტის დაკავება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი გამოწვევაა, რისთვისაც მადლობას ვუხდი თბილისის მერს და თბილისის მერის ადმინისტრაციას. ჩემი მიმართულებები მერის მოადგილის პოსტზე იქნება: ტრანსპორტი, ეკოლოგია, სპორტი, ახალგაზრდობა და განათლება. პირველი, რასაც გავაკეთებ, აქტიურად გავეცნობი სამსახურების მუშაობას, თანამშრომლებს. განვიხილავთ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. ჩვენი მიზანი იქნება, ამ პროექტის სიკეთეები მაქსიმალურად გავრცელდეს თითოეულ თბილისელზე და იმ ადამიანებამდე მივიდეს, ვისზეც ეს პროექტებია გათვლილი“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.