თეა წულუკიანი შესაძლოა, დაიკითხოს
თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში მიიღო. როგორც ასოციაცია “მომავლის იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხაჭაპურიძემ იუსტიციის სამინისტროს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და წარდგენილი მტკიცებულებების დამალვისთვის უჩივლა. კონკრეტულად საქმე ეხება ჩვილი ბავშვების საქართველოდან გაყვანის თემას.
როგორც “მომავლის იმედში“ აცხადებენ, სარჩელი პირველი შეტანისთანავე მიიღო სასამართლომ წარმოებაში.
სარჩელს თან ახლავს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სერვისების განვითარების სააგენტოდან გაიცა ყალბი მონაცემების შემცველი დაბადების მოწმობები, რომელთა საფუძველზეც მამებად უკანონოდ რეგისტრირებულმა უცხოელმა მამაკაცებმა არაერთი ჩვილი ბავშვი საქართველოდან ყალბი დოკუმენტების მეშვეობით გაიყვანეს.
სარჩელში მითითებულია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები მეორე წელია გააჩნია პროკურატურას და ა.წ. 24 თებერვალს თამარ ხაჭაპურიძემ წარუდგინა იუსტიციის სამინისტროსაც, მაგრამ ამ უკანასკნელმა 25 თებერვალს უარყო თამარ ხაჭაპურიძის მიერ მტკიცებულებათა წარდგენის ფაქტი და ტელევიზიით და სამინისტროს ვებგვერდით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
თამარ ხაჭაპურიძე იუსტიციიის სამინისტროს ხვალ ჩააბარებს უკვე სასამართლოს წარმოებაში არსებულ სარჩელს.
როგორც „მომავლის იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სარჩელში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დასახელებულია, როგორც სასამართლოზე გამოსაძახებელი პირი.
“თამარ ხაჭაპურიძე იმედოვნებს, რომ ეს სასამართლო პროცესი არა მარტო სამინისტროს მიერ გავრცელებულ სიცრუეს მოჰფენს ნათელს, არამედ ისიც გაირკვევა, თუ ვის მიზნებში შედის მტკიცებულებების არსებობის დაფარვა ე.წ. ჩვილების საქმეზე, რომელიც მეორე წელია სსკ 344-1 მუხლითაა აღძრული. დამნაშავეების შეჩერება დღემდე არ ხდება და ხელისუფლებაც საეჭვოდ დუმს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 თვეა ამ სს საქმეზე გადის სოციალური კლიპი საქართველოს მთავარი ტელევიზიებით“, – აცხადებენ ასოციაცია „მომავლის იმედში“.