„იური ვაზაგაშვილის საფლავზე აღმოჩენილი მეორე დნმ ჯერ არ არის იდენტიფიცირებული“

„იური ვაზაგაშვილის საფლავზე აღმოჩენილი მეორე დნმ ჯერ იდენტიფიცირებული არ არის“ – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გააკეთა.
ჭკადუას განცხადებით, გამოძიება ამ კუთხით ინტენსიურად მუშაობს, თუმცა ადვოკატი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებს ვერ ახმაურებს.
ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული სოსანაშვილის ადვოკატს განცხადებასაც გამოეხმაურა. ჭკადუას განცხადებით, ადვოკატი ჯოგლიძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, როდესაც აცხადებს, რომ სოსანაშვილის დნმ ხელოვნურად იყო დატანილი ნივთმტკიცებაზე.
როგორც ირმა ჭკადუა განმარტავს, ექსპერტიზის დროს დნმ- სთან ერთად დგინდება და ზუსტდება ისიც, თუ რომელი დღიდან, საათიდან და წუთიდან მოხვდა კონკრეტული დნმ ამა თუ იმ ნივთზე.
„სოსანაშვილის ადვოკატს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. ის საუბრობს იმაზე, რომ თითქოსდა, დნმ ხელოვნურად იყო დატანილი. სამართალდამცავებმა შემოღობეს ადგილი ისე, რომ მასთან ვერავინ ახლოვდებოდა. იმ დღესვე ამოღებული იქნა მტკიცებულბები და იმ დღესვე გადაიგზავნა. 24 იანვარს ამოღებული იყო უკვე 2 დნმ. დნმ შეადარეს ყველა იმ ადამიანის დნმ-ს, ვინც იქ იმყოფებოდა,- იქნებოდა ეს დამლაგებელი, მესაფლავე პოლიციელები თუ სხვა. სოსანაშვილის დნმ კი შედარებისთვის 7 თებერვალს აიღეს. არის აპარატი, რომელიც სამხარაულის ბიუროშია განთავსებული. აპარატს აქვს თავისი მეხსიერება და წუთების და წამების დონეზეც კი შეუძლია დადგენა, თუ როდის მოხვდა დნმ ნივთზე. თუ ეჭვი ეპარებათ, შეუძლიათ „ეფ-ბი-აის“ წარმომადგენლებიც კი მოიწვიონ. რაც შეეხება მის გენერალურ ინსპექციაში დაბარებას, 18-სა თუ 17- ში პოლიციის თანამშრომელთან კონფლიქტი მოუვიდა ბრალდებულს და დაბარებული სწორედ ამ საქმეზე იყო“,- განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ჭკადუას განცხადებით, სოსანაშვილის დაკავება მხოლოდ დნმ-ის გამო არ მომხდარა. მისი თქმით, საქმეში სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა არსებობს, საიდანაც იკვეთება, რომ დანაშაული, სავარაუდოდ, გია სოსანაშვილმა ჩაიდინა. ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა ჟურნალისტების ყურადღება კიდევ ერთ გარემოებაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, საქმეში დევს ინფორმაცია იმაზეც, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სოსანაშვილი იური ვაზაგაშვილის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და მისი მოძრაობის არეალს განსაზღვრავდა.
„სოსანაშვილის დაკავება დნმ-ის ანალიზის გამო არ მომხდარა. ის, სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობის გამო, მანამდეც ეჭვმიტანილთა სიაში იყო. მის წინააღმდეგ არსებობს სხვა მტკიცებულებებიც. ვაზაგაშვილის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, 12 იანვარს, 23:30 წუთზე სოსანაშვილი კომპიუტერთან იჯდა და ამოწმებდა, თუ სად და რა მანქანით გადაადგილდებოდა იური ვაზაგაშვილი და მასზე ინფორმაციებს აგროვებდა“,- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები