სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს
საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირთან ასოცირებული სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს. მათ თავად შეაფასეს ის მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, რაც ადგილზე საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების აღმართვისა და სოფლის ორად გაყოფის შედეგადაა შექმნილი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლენა ზერკალმა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იულიან გროზამ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ ასევე მოინახულეს დავით ვალიშვილი, რომლის კარმიდამო გამყოფი ხაზის მიღმაა დარჩენილი.
” უკრაინისთვის საქართველოს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყველანი რუსეთის აგრესიას განვიცდით. ამიტომ მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენს ქართველ კოლეგებთან, რათა თავიდან ავიცილოთ ბუფერული ზონების შექმნით გამოწვეული უარყოფითი შედეგები.” – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლენა ზერკალმა
სტუმრები სოფელ ხურვალეთს სამმხრივი კონსულტაციების ფარგლებში ესტუმრნენ, რომელიც თბილისში 10-11 მარტს შედგა.