ნინო გოგუაძე: უსუფაშვილი წარმოჩნდა, როგორც უმრავლესობის წევრი და არა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე
დღეს დავით უსუფაშვილი წარმოჩნდა, როგორც უმრავლესობის წევრი და არა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე , – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ნინო გოგუაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა. მისივე თქმით, დავით უსუფაშვილი არის ადამიანი, რომლის იმედი ჯერ კიდევ აქვს.
“ეს არის პოლიტიკოსი, რომლის იმედი მე ჯერ კიდევ მაქვს და რომელსაც, მართლაც, პიროვნული ღირსებებიდან გამომდინარე შეუძლია იყოს პარლამენტის დამცველი. სამწუხაროდ, დღევანდელი ბრიფინგიდან მე ეს დასკვნა ვერ გამოვიტანე. დღევანდელ ბრიფინგზე ის წარმოჩნდა, როგორც უმრავლესობის გუნდის წევრი და არა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და არა როგორც დავით უსუფაშვილი”, – განაცხადა გოგუაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე 13 იანვარს დაგეგმილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის შესახებ ისაუბრა. უსუფაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის ამოცანაა არა ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვა, არამედ საკითხის საგანგაშო რეჟიმში განხილვა და ამ განხილვაში პრეზიდენტის ჩართულობა.