თბილისში ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა
ქართული მხარის ინიციატივით თბილისში გაიმართა ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების სამმხრივი შეხვედრა, რომლის მიზანია ასოცირების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა. უკრაინის და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
როგორც თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი მოიცავს ბევრ ისეთ თემას, რომელიც საერთოა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის, შესაბამისად, ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარებით და საერთო ძალისხმევით მეტი წარმატების მიღწევაა შესაძლებელი. მისივე თქმით, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ერთობლივ დიალოგს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ საგარეო გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც აღნიშნული სამი ქვეყანა დგას.
„ამ სამმხრივი დიალოგის ფორმატის მიზანია სამი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში საერთო პოზიციების შეჯერება და თანამშრომლობის განვითარება, ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რიგის სამიტის მომზადების პროცესში. ამ ორი დღის განმავლობაში იყო ინტენსიური დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან და დიდი სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ შეჯერდა საერთო მიდგომები, რომლითაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა წარდგებიან რიგის სამიტზე. ჩვენ გვაერთიანებს სერიოზული ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური კავშირები და, ამასთან ერთად, ძალიან მკაფიო განაცხადი სამი ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ. მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად სირთულეებისა, სამივე ქვეყანა, სამივე ქვეყნის მოსახლეობა ერთგულია თავისი ევროპული არჩევნის. დღევანდელი შეხვედრა ამ დიალოგის ინტენსიფიკაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს მზაობისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან წინ გველის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტი“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იულიან გროზამ აღნიშნა, რიგის სამიტისთვის ჩამოყალიბდა სამი ქვეყნის ერთობლივი ხედვა. „ჩვენი სურვილია ევროკავშირმა რიგის სამიტზე წარმოადგინოს საკუთარი ხედვა, დღევანდელი შეხვედრის მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ ხედვის ჩამოყალიბებას, შესაბამისად, დღეს შევიმუშავეთ სამი ქვეყნის ერთობლივი პოზიცია, რომელსაც ჩვენს პარტნიორებს წარვუდგენთ. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ვდგავართ საერთო გამოწვევების წინაშე. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, უპირველეს ყოვლისა, სტაბილურობისა და სიმშვიდისკენ სწრაფვა აერთიანებთ. მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ასოცირების შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნები არიან და ჩვენ ხმამაღლა შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადავედით. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ამ მიმართულებით წინსვლა, უზრუნველვყოთ შეთანხმების იმპლემენტაცია და ვისარგებლოთ უვიზო მიმოსვლით“, – განაცხადა იულიან გროზამ.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგანაც ჩვენ ევროკავშირს დავანახეთ, რომ ერთიანი ვართ. ჩვენ გაგვაჩნია ერთიანი და ძლიერი პოზიცია. მე მჯერა, რომ ჩვენი მეგობრები ევროკავშირში და ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაინახავენ ჩვენს ძალისხმევას და რიგის სამიტზე ჩვენს ხედვას გაიზიარებენ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ოლენა ზერკალიმ.