ირაკლი აბესაძე: მერიაში საკადრო ცვლილებების საფუძვლად ისევ ნეპოტიზმი რჩება
თბილისის მერიაში გაუგებარი საკადრო ცვლილებების პროცესი გრძელდება, რომლის მთავარი მოტივაცია ნეპოტიზმია – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ანი მიროტაძის დის, თეა მიროტაძის თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დანიშვნის ფაქტი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.
აბესაძის თქმით, მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ წევრების ნათესავების დანიშვნის პროცესი აქტიურად გრძელდება.
„თბილისის მერიაში გრძელდება გაუგებარი საკადრო ცვლილებების პროცესი, რომლის მთავარი მოტივაცია, პირველ რიგში, არის ნეპოტიზმი. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ, კონკურსის გარეშე, პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ანი მიროტაძის და, თეა მიროტაძე დაინიშნა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს მოსაზრებებს, რომ თბილისის მერიაში საკადრო გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრებთან ახლო ნათესაური კავშირია“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.