მანანა კობახიძე: “ნაციონალებმა” პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანეს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ 13 მარტს პარლამენტში დანიშნული რიგგარეშე სხდომა, რომელიც ქვეყნაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე მსჯელობას ითვალისწინებს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პიარის ნაწილია და მათ დღის წესრიგს საპარლამენტო უმრავლესობა არ აჰყვება.
მისივე თქმით, პრეზიდენტი შეცდა, როდესაც მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის არგუმენტებს მოუსმინა. „ეს სხდომა არის აბსოლუტურად პოლიტიკური პიარის ნაწილი, რომელსაც იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მის, ასე ვთქვათ, დღის წესრიგს ჩვენ არ უნდა ავყვეთ და ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით უნდა ვიმუშაოთ. პრეზიდენტი, ალბათ, შეცდომაში შევიდა, როდესაც მხოლოდ მათ არგუმენტებს მოუსმინა“,- განაცხადა მანანა კობახიძემ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ 13 მარტს პარლამენტში დანიშნულ საგანგებო რიგგარეშე სხდომას არ დაესწრებიან.