20 ათასზე მეტ გადასახადის გადამხდელს ერთ მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება ჩამოეწერება
ამ დროისათვის, 3612 გადასახადის გადამხდელს უკვე ჩამოეწერა 334 315 514 ლარი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, გადასახადის ოცი ათასზე მეტ გადამხდელს 1 მილიარდი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება და აღნიშნული ციფრი შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს.
„ბიზნესის მხარდასაჭერად ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებათა პაკეტის თანახმად, გადასახადის 20 000 -ზე მეტ გადამხდელს ჩამოეწერება საგადასახადო დავალიანება, მთლიანობაში – 1 მილიარდი ლარი. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ მიერ დაანონსებული 1 მილიარდი ლარი კიდევ უფრო შესაძლოა, გაიზაროდოს ინდივიდუალური მომარჯვების შემთხვევაში, რადგან შემოსავლების სამსახურს აქვს უფლებამოსილება, საგადასახადო დავალიანება ჩამოწეროს როგორც სისტემური გათვლების საფუძველზე, ასევე პირადი მომართვის საფუძველზეც“,- განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებს საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებათა პაკეტის შესახებ განუცხადა, აღნიშნული პაკეტის მიხედვით, იმ გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები განისაზღვრა, რომლებსაც დავალიანება ჩამოეჭრებათ. ეს კატეგორიებია: 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანება, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე საგადასახადო აქტივობა არ უფიქსირდება. 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანება, თუ დავალიანებაზე დარიცხულ საურავად აღიარებულია ჯარიმა და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული დავალიანებები, რაც სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევას უკავშირდება.
„რაც შეეხება თავად საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მომზადებულია ფინანსთა სამინისტროს მიერ, ძალაში 2014 წლის 25 დეკემბერს შევიდა და ამ ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრა იმ გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, რომელთაც შესაძლებელია, ჩამოეწეროს საგადასახადო დავალიანება. ეს გახლავთ 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება იმ შემთხვევაში, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე არ უფიქსირდება საგადასახადო ბიზნესაქტივობა. ასევე 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგდასახადო დავალიანებაზე დარიცხულ საურავად აღიარებული ჯარიმა და ასევე 2013 წლის 1 იანვრამდე სალარო-საკონტროლო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმები. მთლიანობაში, წინასწარი გათვლებით, ჩამოიწერება 1 მილიარდი ლარი“,- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
შემოსავლების პრესსამსახურის უფროსმა, ასევე აღნიშნული ცვლილებათა პაკეტის მიზანსა და პრეროგატივაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებების მიზანი ბიზნესმენთა მხარდაჭერაა, მათი ოჯახებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. „აღნიშნული ცვლილების მიზანია ბიზნესის მხარდაჭერა და სტიმულირება. კერძოდ იმ გადასახადების გადამხდელებს, რომლებსაც წლების განმავლობაში დაუგროვდათ საგადასახადო დავალიანება და რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ განაგრძონ ბიზნესაქტივობა, აქვთ შანსი, სუფთა ფურცლიდან განაახლონ საქმიანობა როგორც საკუთარი ოჯახების, ასევე ქვეყნის კეთილდღეობისათვის“, – აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.