საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. როგორც კობახიძემ გადაცემა „არჩევანში“ ჩართვისას განაცხადა, მას არც გადაცემის წამყვანის დამოუკიდებლობის სჯერა და არც არხის ინტერაქტივების. მისივე თქმით, არხის გენერალური დირექტორი რეკომენდაციებს მიხეილ სააკაშვილისგან ხშირად იღებს.
„მე არ მჯერა თქვენი ინტერქატივების ბატონო გიორგი. „რუსთავი 2“-ის არ მჯერა, იტყუებით და რა ვქნა ბატონო გიორგი. თქვენ გინდათ მითხრათ, რომ „რუსთავი 2“ დამოუკიდებელია? თქვენც დამოუკიდებელი ხართ ბატონო გიორგი? თვენს მენეჯერს ჰკითხეთ, ბატონი ნიკა გვარამია ინტერვიუში ამბობს, რომ ის ძალიან ხშირად იღებს რეკომენდაციებს მიხეილ სააკაშვილისგან, რომ ძალიან ახლოს არის მისი ღირებულებები „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მე ახლა ვერთვები „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ტელევიზიაში“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებას გადაცემის წამყვანის გიორგი გაბუნიას შეკითხვა მოჰყვა: „გაუგებარია, თუ თქვენ თვლით რომ ასე უნამოსოდ ვიტყუებით, მაშინ რატომღა გვერტვებით?“ – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
მიუხედავად ამისა, გადაცემის სტუმარმა დებატებში მონაწილეობა გააგრძელა:
„კი ბატონო აღარ ჩაგერთვებით კარგად ბრძანდებოდეთ …. არ გენდობით და რა ვქნა?! ეს არის იმ სიუჟეტების ბრალი, იმ დეზინფორმაციის ბრალი, იმ მიკერძოებულობის ბრალი, რომელსაც თქვენ გამოხატავთ, წაიკითხეთ თქვენივე მენეჯერის ინტერვიუ“, – განაცხადა მანანა კობახიძემ .