ინტერვიუ კახა ბენდუქიძის დედასთან – პოლიტიკოსის უცნობი ისტორიები

ინტერვიუ კახა ბენდუქიძის დედასთან, ქალბატონ ჯულიეტა რუხაძესთან.

ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქართველი – კახა ბენდუქიძე მსოფლიოს ვერც ერთ რესტორანში ვერ შეუკვეთს იმას, რაც ძალიან უყვარს. ამ გემრიელი ულუფის მირთმევა, მას დედის სახლში შეუძლია. თბილისში არსებულმა ვერც ერთმა ელიტურმა მაღაზიამ ვერ შეძლო ბენდუქიძისთვის შესაფერისი წინდების შეთავაზება და ამიტომ, ის ზამთარში ფეხშიშველი დადის. კახა ბენდუქიძე თავისი არაორდინარულობით საკუთარ დედასაც აკვირვებს. ქალბატონი ჯულიეტა რუხაძე მიიჩნევს, რომ მისი შვილი ფსიქოლოგებისთვის საინტერესო “ობიექტი” იქნებოდა. უმდიდრესი შვილის დედას, 3 მარტს ვესტუმრე. აღმოჩნდა, რომ დედა-შვილს, არც მსგავსი და არც უფრო მნიშვნელოვანი დღესასწაულები არ ხიბლავს და ერთმანეთს საჩუქრებითაც არ ანებივრებენ.

– კახა ხასიათით მე მგავს. მეც არ მიყვარს და მნიშვნელობას არ ვანიჭებს რაღაც თარიღების აღნიშვნას. ის არც საჩუქრებს ანიჭებს დიდ მნიშვნელობას.
– რამდენად ყურადღებიანი შვილია?
– ამ მხრივ “ნულოსანია”. სიმართლე გითხრათ, ვერც გავკიცხავ. რაც პოლიტიკაშია, ძალიან დაკავებულია. ცოტა ხნით შემოირბენს და ამასაც არ აცლიან. გამუდმებით ურეკავენ. ისიც მალე გარბის. არ ვიცი, ამდენს როგორ უძლებს. ყველა საკითხი, მისი მოსაგვარებელი ხდება. ის არ ჩანს, რადგან საერთოდ არ უყვარს თავის გამოჩენა. თუმცა, ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, მისი განსასჯელი და გადასაწყვეტია. თავის გამოჩენა ბავშვობიდანვე არ უყვარდა. არც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. ძალიან ჭკვიანი და განათლებულია, მაგრამ დისერტაციის დაცვა არც მოისურვა. ძალიან განსხვავებული ადამიანია. ვფიქრობ, ფსიქოლოგებისთვის საინტერესო შესასწავლი იქნებოდა.
– თავის გამოჩენა არ უყვარს, იმიტომ, რომ თავმდაბალია თუ თავის საქმიანობაზე საუბარი არ სურს?
– თავისი საქმიანობის აფიშირება არ უყვარს. მის ამბებს მძღოლებისგან უფრო ვიგებ ხოლმე – რას საქმიანობს და როგორ.
– დედასთან გულახდილი საუბარი არ უყვარს?
– არა.
– რჩევებს თუ გეკითხებათ? მის ოჯახზე რას იტყვით?
– მისი მეუღლე კარგი ქალია. ქვრივი გახლდათ და ორი შვილი ჰყავს. კარგი გარეგნობის, განათლებული ქალია. მე საერთოდ არ მახასიათებს სხვის საქმეში ჩარევა, მათ შორის – შვილის. რა თქმა უნდა, მინდოდა, ქართველი გოგო შეერთო ცოლად, მაგრამ ეს სურვილი ჩემთვის, გულში მქონდა. კახას ასეთ თემებზე ვერ დაელაპარაკები, ისეთი ხასიათი. აქვს ან რატომ უნდა ვუთხრა, როდესაც შეიძლება უსიამოვნება მოხდეს. მოვა თუ არ მოვა, მომიკითხავს თუ არ მომიკითხავს – ამაზე საუბარი – უხერხული და ცუდი ტონია. მე ასე ვარ აღზრდილი, დედაჩემის მსგავსად, არ მიყვარს ადამიანებისთვის შენიშვნის მიცემა.
– ბატონ კახას მამისგან თუ მიუღია რამე შენიშვნა?
– არა. არ იმსახურებდა და იმიტომ. კარგად სწავლობდა, შრომობდა და შენიშვნა რის გამო უნდა მიეღო?!
– როგორი ბავშვი იყო?bendu_ 2
– ძალიან ჭკვიანი. უზომოდ უყვარდა წიგნების კითხვა. იმდენს კითხულობდა, ხანდახან ვუშლიდი კიდეც. ექსპედიციაში ხშირად დავდიოდი. ერთხელ ზემო სვანეთში ვიყავი და კახაც წავიყვანე. რაღაც მომენტში, დამეკარგა. ყველანი ვეძებდით. სად არ ვიარე, მაგრამ ვერსად ვიპოვე; ბოლოს, ბიბლიოთეკაში მიაგნეს. რამდენჯერმე ვიყავი იმ მხარეს ნამყოფი და ბიბლიოთეკა საერთოდ თუ იყო, არ ვიცოდი. კახას სვანეთი ძალიან მოეწონა. მეუბნებოდა – დედი, რა კარგია სვანეთი “გვერდითი მოვლენები” რომ არ ჰქონდესო. მოგეხენებათ, სვანეთში, არც ახლა და არც მით უმეტეს მაშინ, არ იყო აბაზანა და კომფორტის სხვა ატრიბუტები. ეზოში, ვაბანავებდი და “გვერდით მოვლენას” ამას ეძახდა…
– მეგობრებთან როგორი ურთიერთობები ჰქონდა?
– ჩემი უფროსი ქალიშვილის, ნუნუკას მეგობრები ჩვენთან ხშირად სტუმრობდნენ. კახას კი სახლში თითქმის არავინ მოჰყავდა. ერთხელ ვკითხე – რატომ არ მოგყავს მეგობრები სახლში-მეთქი? – რა საჭიროა, დედი, – მიპასუხა, უნივერსიტეტში ხომ მთელი დღე ერთად ვართო. ერთხელ მახსოვს, კახამ სახლში მოსვლა დაიგვიანა. მე და მამამისი მის საძებნელად წავედით. ქუჩაში, ერთ-ერთი ფანჯრიდან კახას ხმა შემოგვესმა. მივუახლოვდით. კახა მასპინძლებს ლექციას უკითხავდა. დაუღალავად შეეძლო ლაპარაკი. ძალიან საინტერესო ამბებს ჰყვებოდა. ამიტომ პროფესორას ეძახდნენ. ერთხელ, ექსპედიციაში ყოფნისას, ღამე იმდენი ილაპარაკა, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი – დავიღალე, დამაძინე-მეთქი…
– არ ეწყინა?
– არა.
– თუ უტირია რამეზე?
– მისი ტირილი არ მახსოვს. გაბრაზება იცოდა. ერთხელ ექსპედიციაში ვიყავი, კახა თბილისში იყო. მხატვარი კორნელი სანაძე ასფალტზე ცარცით რაღაცას ხატავდა და თან კახას ესაუბრებოდა. კახას უკითხავს – დედაჩემი ხომ მალე ჩამოვაო? კორნელის კი გაუცინია – რად გინდა დედაშენი, ლამაზიც კი არ არისო. კახა ძალიან გაბრაზებულა, ცარცით დახატულს ფეხით შლიდა და ჯიუტად იმეორებდა – დედაჩემი ძალიან ლამაზიაო…
– რამდენადაც ვიცი, პროფესია დამოუკიდებლად აირჩია. ბიოლოგია მისთვის საყვარელი საგანი იყო და დღესაც ძალიან უყვარს ცხოველები, არა?
– ცხოველები ძალიან უყვარს. რა არ გვყავდა სახლში – ხვლიკიც კი. ძალიან განიცდიდა, როდესაც მისი ცხოველები ავადმყოფობდნენ. ერთხელ, ჯორჯ ბალანჩინის კონცერტზე წავიყვანე. მთელი დარბაზი ჩვენკენ იყურებოდა. მივტრიალდი კახასკენ და რას ვხედავ? მას მხარზე მკვეთრი მწვანე ფერის ხვლიკი უზის!.. ახლობლებთან სტუმრად ვიყავით სოფელში. მათ ორი ავი ძაღლი ჰყავდათ. ჩვენს მისვლამდე ვიღაც მამაკაცი კინაღამ დაუგლეჯიათ. მაგრამ კახა რომ შევიდა, ხმა არ ამოუღიათ, გატრუნულები უყურებდნენ. როგორც ჩანს, მის სიყვარულს ცხოველებიც გრძნობენ.
– რა არის კახა ბენდუქიძის სუსტი წერტილი?bendu_ 1
– ჭამა-სმა. არ იფიქროთ, რომ განურჩევლად ყველაფრის ჭამა შეუძლია. ძალიან არჩევს საჭმელს. აინტერესებს, რა და როგორ მზადდება. მისთვის არასოდეს მისწავლებია კერძების მომზადება, მაგრამ თავად ყველაფერი ეხერხება. ერთხელ, საახალწლოდ, მთელი სუფრა თვითონ გაამზადა.
– რა კერძი უყვარს ყველაზე მეტად?
– ძალიან უყვარს იმ ტაფის მოსუფთავება, რომელზეც რაიმე იყო შემწვარ-მოხრაკული.
– არაორდინარულობით ამ მხრივაც გამოირჩევა. თქვენ თუ იცით, ფეხშიშველი რატომ დადის?
– კახა ფეხზე ვერ გუობს ხელოვნურ წინდებს. ის ხმარობს ნატურალური ქსოვილისგან დამზადებულ წინდებს, რომელიც თბილისში არ იყიდება. როცა საზღვარგარეთ მიდის, იქ ყიდულობს. უხარისხოს ჩაცმას კი, ფეხშიშველი ყოფნა ურჩევნია. ამ დღეებში, ჩემთან იყო მოსული, ახველებდა, გაცივებული იყო. ვხედავ ფეხშიშველაა. ვუთხარი – კახა, ისედაც გაცივებული ხარ, ფეხშიშველი რატომ დადიხარ-მეთქი? კარგი, რა, დედი, ნუ მელაპარაკებიო. მეც გავჩუმდი და ხმას არ ვიღებ.

ნათია ქარუმიძე
“გზის” არქივიდან

წყარო: www.gzapress.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები