“სააკაშვილმა დაიქადნა, ივანიშვილი ჭკვიანად თუ არ იქნება, ეგეც პატარკაციშვილის გზას გაუდგებაო”

„სააკაშვილმა კიევში თავის მეგობრებთან დაიქადნა, ივანიშვილი ჭკვიანად თუ არ იქნება, ეგეც პატარკაციშვილის გზას გაუდგებაო“, – აცხადებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც გიგლა ბარამიძე გამოცემასთან აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თურქეთის ტერიტორიაზე მოლაპარაკებებს მართავენ და 17-18 მიმართულების სქემას განიხილავენ, თუ როგორ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.
„სააკაშვილსა და მის დამქაშებს, გარდა იმისა, რომ უკრაინაში, ოფიციალურ კაბინეტებში სხედან, ძვირად ღირებული ოფისები აქვთ ნაქირავები ბუდაპეშტში, ასევე გერმანიასა და კიევში, სადაც იკრიბებიან! „ნაციონალებს“ გააჩნიათ სპეციალური სქემა, რომელიც დაახლოებით 17-18 მიმართულებისგან შედგება და თითოეულ მიმართულებას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს. ისინი ინტენსიურად მუშაობენ იმაზე, თუ როგორ დაბრუნდნენ საქართველოში“, – ამბობს გიგლა ბარამიძე. გიგლა ბარამიძე „ნაციონალების“ კონკრეტულ გეგმებზეც საუბრობს. „ნაციონალებმა“ დაიწყეს თანხების სრული აკუმულირება არაბეთის ქვეყნებიდან, სადაც სააკაშვილს ფინანსური ანგარიშები აქვს გახსნილი და ამ ფულს აგზავნიან საქართველოში სხვადასხვა საიტების შესაქმნელად, არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად და ასე შემდეგ. გარდა ამისა, „ნაციონალები“ თურქეთის ტერიტორიაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებთან, რათა საჭირო შემთხვევაში ისინიც გამოიყენონ საქართველოზე პროვოკაციების მოსაწყობად. აქტიურად მუშაობენ ეთნიკური უმცირესობობებით დასახლებულ რეგიონებში, სკოლებში მასწავლებლებთან და უმაღლეს სასწავლებლებში. თავიანთ კადრებთან, რომლებიც ჩატოვებული ჰყავთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, ძირითადად, ძალოვან სტრუქტურებში. „ნაციონალებს“ შედგენილი აქვთ როგორც დასაჭერი, ისე მოსასყიდი ხალხის სია, რომლებიც მათ თანხების ჩარიცხვას დაჰპირდნენ“, – აცხადებს გიგლა ბარამიძე. როგორც გიგლა ბარამიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალების“ მხარდამჭერებისთვის ინფორმაცია მიუწოდებია, რომ სანამ უკრაინის ხელისუფლებაში არიან გადანაწილებულები, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დრო საქართველოში დასაბრუნებლად. მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს აშშ-ში ლობისტიც დაუქირავებია, რომელსაც თემურ იაკობაშვილი გაუწევს კურირებას. „სააკაშვილმა ამერიკაში ახალი ლობისტები დაიქირავა, რომლებსაც თემურ იაკობაშვილი უწევს კოორდინაციას“. დაახლოებით ერთი კვირის წინ სააკაშვილმა კიევში თავის მეგობრებთან დაიქადნა, ივანიშვილი ჭკვიანად თუ არ იქნება, ეგეც პატარკაციშვილის გზას გაუდგებაო“, – აცხადებს გიგლა ბარამიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები