პროკურატურა მუნიციპალიტეტებში კორუფციულ ფაქტებს სწავლობს?!
“კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, პროკურატურა რამდენიმე მუნიციპალიტეტში სავარაუდო კორუფციულ ფაქტებს სწავლობს. როგორც გამოცემა წერს, არსებული ინფორმაციით, პროკურატურამ განსაკუთრებული ყურადღება საეჭვო ტენდერებს მიაქცია.
“ეს არც არის გასაკვირი, რადგან ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც კი (რომ აღარაფერი ვთქვათ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე) პირად საუბრებში გამოთქვამენ ეჭვს, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში “სატენდერო მაფია” ჩამოყალიბდა. ფული გამოყოფილია, თუმცა, საქმე არ კეთდება, ან კეთდება ზერელედ, რაც გამოყოფილი თანხის ადეკვატური არ არის. ეს ტენდენცია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მახრჩობელასავით მოქმედებს. ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად აუდიტის სახელმწიფო სამსახური 15 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაშია შესული და რამდენიმე ანგარიში პროკურატურას უკვე გაუგზავნა“, – წერს “კვირის პალიტრა“.
გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ადასტურებს, რომ ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საკმაოდ რთული მდგომარეობაა. “ზოგან, ძირითადად, ცენტრალური თვითმმართველობის ორგანოებში, ეს საკითხი შედარებით მოგვარებულია, მაგრამ სხვა მუნიციპალიტეტებში ტენდერებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემაა. ჩვენ არაერთი მასალა გავგზავნეთ პროკურატურაში“,-აღნიშნავს თორდია.
ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, თვითმმართველობის ორგანოებში ორგვარი პრობლემებია. “ეს არის კორუფციული რისკი, რადგან თავის დროზე თვითმმართველობები არასწორად დაკომპლექტდა. პროცესში ჩართულები იყვნენ ის უწყებები, რომლებსაც ამ სფეროსთან არაფერი ესაქმებოდათ. მეორე პრობლემა დაკავშირებულია კომპლექსებთან. კერძოდ, გამგებლებსა თუ მერებს ეშინიათ პასუხისმგებლობის აღების. მათ ეშინიათ, შეცდომა არ დაუშვან, უკანონობა არ ჩაიდინონ და პრობლემები არ შეექმნათ სამართალდამცავ უწყებებთან. ეს მეორე უბედურებაა. ფული არ იხარჯება, პროექტები შეჩერებულია მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს“,-აცხადებს ხუხაშვილი.