“გამგებლების თავები დაიყრება” – ნოდარ ჯავახიშვილის სკანდალური ინტერვიუ

სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები მეც მაქვს – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
“სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით, გარკვეული ეჭვები მეც მაქვს, მაგრამ კანონმდებლობაში არსად არის მითითებული, რომ ჩვენ გამარჯვებული კომპანიების წარმომავლობითა და დამფუძნებლების ვინაობით უნდა დავინტერესდეთ. კანონი არც იმას გვავალდებულებს, მონაწილე კომპანიების უკან სახელმწიფო მოხელეების ინტერესები ვიკვლიოთ – ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ტენდერში მონაწილე კომპანიის გამოცდილება და სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამინისტროსა და სატენდერო კომისიაში ყველა საკითხი მოწესრიგებულია და პროცესებიც გამჭვირვალედ მიმდინარეობს, მაგრამ რასაც ვხედავ და ვუყურებ, ფორმალურად ყველაფერი თითქოს სწორად კეთდება“,- აცხადებს ჯავახიშვილი. ამასთან, ჯავახიშვილი ადასტურებს, რომ ხშირ შემთხვევაში ტენდერებში ერთი და იგივე კომპანია მონაწილეობს და გამარჯვებულად ცხადდება. თუმცა მინისტრის მოადგილის თქმით, მასთან ჯერ არავინ მისულა იმ საჩივრით, რომ ტენდერიდან უსამართლოდ გამოაგდეს.

“გიდასტურებთ, რომ ხშირ შემთხვევაში ტენდერებში ერთი და იგივე კომპანია მონაწილეობს და გამარჯვებულად ცხადდება, მაგრამ თუ სხვა, დაჩაგრული კომპანიის მფლობელი ხმას არ ამოიღებს და სიმართლეს არ იტყვის, როგორ მოვიქცეთ? არც მე მომწონს, როცა ტენდერების შედეგების განხილვისას მუდმივად ერთ გამარჯვებულ კომპანიას ვაწყდები, მაგრამ ხომ გეუბნებით, ჩემთან ჯერ არავინ მოსულა, დამეხმარეთ, ტენდერიდან უსამართლოდ გამომაგდესო“,-აღნიშნავს ჯავახიშვილი. ამასთან, ჯავახიშვილი იმ პირებს, ვინც სამინისტროს არ ენდობა, მოუწოდებს, მას უთხრან, თუ ვისი მეშვეობით დაიჩაგრნენ ტენდერებში.
“თუ ვინმე სამინისტროს არ ენდობა, მე მითხრას, ტენდერებში ვინ დაჩაგრა. პირობას ვაძლევ, საკითხს ძირფესვიანად შევისწავლი. ადამიანმა საკუთარი უფლებების დასაცავად თავადვე უნდა იბრძოლოს… მაგალითად, ზემო სვანეთში ყველა სამუშაოს მხოლოდ ერთი სამშენებლო კომპანია ასრულებს და სხვა ორგანიზაცია ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად არც კი შემოდის. ანალოგიური ვითარებაა ონშიც, სადაც ყველა სამუშაოს “ამბროლაურის გზა” ასრულებს… სავარაუდოდ, სხვა კომპანიებს აშინებენ და ტენდერში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. როცა 12 სატენდერო დოკუმენტაციიდან რვა ტენდერში ერთი გამარჯვებული კომპანიის შესახებ მომდის ინფორმაცია, ტენდერის არსი უკვე დაკარგულია. ახალქალაქშიც ასე ხდება, ყველა ტენდერს “ჯავახ ავტოგზა” იგებს“,- აღნიშავს ჯავახიშვილი. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ “ადგილობრივების ინფორმაციით, ხშირად სამშენებლო კომპანიები გამგებლებთან არიან შეთანხმებულნი, ბორჯომში ყველა ტენდერს კომპანია “მშენებელი” იგებს და როცა ერთ-ერთი ტენდერი სხვა ორგანიზაციამ მოიგო, ადგილობრივმა სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა და სამუშაო ისევ კომპანია “მშენებელს” გადაულოცა“. ჯავახიშვილი ამბობს, რომ პირადად შეისწავლის ამ საკითხს. მინისტრის მოადგილე პირობას დებს, რომ თუ მსგავსი ინფორმაცია დადასტურდება, გამგებლების “თავები დაიყრება“. “ამ საკითხს პირადად შევისწავლი. თუ მსგავსი ინფორმაცია დადასტურდება, გარწმუნებთ, გამგებლების თავები დაიყრება! მეც მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტკიცებლად ფაქტები და კომპანიების დახმარება მჭირდება,“-აღნიშნავს ჯავახიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები