“სააკაშვილი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდეს“
სააკაშვილი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ როგორმე დაბრუნდეს საქართველოში, უბრალოდ კი არ ჩამოვიდეს, არამედ ხელისუფლებაში გადატრიალების გზით მოვიდეს,- ამის შესახებ „საერთო გაზეთი” წერს.
გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი პეტრე პოროშენკოს „ქართული დაჯგუფების” გააქტიურების გამო საყვედურობს, რადგან უკრაინელების ნაწილი თვლის, რომ ამ ჯგუფის გადაწყვეტილებები წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს. წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა შეადგინა სია მაღალი რანგის მოხელეებისა, რომლებიც თითქოსდა, კორუფციის ბრალდებით უნდა დაიჭირონ.
„სააკაშვილი ერთი შეხედვით დაკავებულია სხვა ფრონტზე – პეტრე პოროშენკოს კონსულტაციას უწევს და ცდილობს, დაიყოლიოს ამერიკის შეერთებული შტატები, რომ უკრაინას იარაღი მიაწოდოს. სინადვილეში, ახალმოვლენილი კონსულტანტი ყელში ამოუვიდათ უკრაინის მაღალი პოლიტიკური წრის წარმომადგენლებს. და არა მარტო სააკაშვილი. ამბობენ, რომ საკვანძო თანამდებობებზე ქართველების, ანუ უცხოელების დანიშვნა უკრაინელთა უმრავლესობას გულზე არ ეხატება და ისინი პოროშენკოს ამას არ აპატიებენ”,- წერს „საერთო გაზეთი” .