სოსო შატბერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებლებს ასახელებს
პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი სოსო შატბერაშვილი გაზეთ „ალიასთან“ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებლების გვარებს ასახელებს. როგორც შატბერაშვილი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების ერთ-ერთი წყარო გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის ფულია.
„თავს შევიკავებ, რადგან არ მინდა, გამოძიებას ხელი შევუშალო, თუმცა რამდენიმე მსხვილ დამფინანსებელს ჩამოგითვლით, ესენი გახლავთ „კოკა-კოლას“ შეფი – თემურ ჭყონია, „თეგეტა მოტორსის“ ხელმძღვანელი – თემურ კოხოძე, ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“, გიორგი რამიშვილი, მეტსახელად „ზარალა“, ვანო ჩხარტიშვილი, კობა ნაყოფია, ცეზარ ჩოჩელი, ლაშა პაპაშვილი, მამუკა ხაზარაძე, „საქართველოს ბანკი“, მათ შორის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი გახლავთ გარდაცვლილი კახა ბენდუქიძე, მართალია, მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ამ პიროვნების მოხსენიებას გვერდს ვერ ავუვლით, რადგან ის ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური დამფინანსებელი იყო.
გარდა ამ გვარ-სახელებისა, თქვენ ამ 50-კაციან სიაში აღმოაჩენთ ახალ სახელებს და კატეგორიულად მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას. სხვათა შორის, ამ ადამიანებმა 2012 წლის არჩევნებზე ძალიან მსუყედ დააფინანსეს „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მათი მხრიდან ნაკლები ფინანსები იყო გადარიცხული, მაგრამ გეტყვით, რომ მაინც აფინანსებდნენ და დამფინანსებლები იგივე დარჩნენ. ამ „ობშიაკის“ თავკაცი დღესაც კეზერაშვილია, რომელსაც მილიონობით ლარი აქვს მოპარული.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს მან გააკეთა ძალიან დიდი ფული, კონკრეტულ ფაქტებს დავასახელებთ, მაგალითად, თითქოს რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს ტანკები, ამ დროს ეს ტანკები მათ გადამალული ჰყავდათ და ხელმეორედ მოხდა მათი შესყიდვა. აქედან კი ძალიან დიდი ფული „მოიხსნა“. ამ ხელისუფლებას კატეგორიულად მოვთხოვთ, იმოქმედოს სასწრაფოდ და გამოიძიოს ეს 50-კაციანი სია, ვინ რას საქმიანობს და ვინ რიცხავს დღესაც „ნაცმოძრაობის“ „ობშიაკში“ ფულს, რადგან შესაძლოა, მათი დაფინანსებით აქციები თბილისურ „მაიდანში“ გადაიზარდოს და დამთავრდეს სავალალო შედეგებით“, – აცხადებს შატბერაშვილი.