“არ დავუშვებთ პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ზეგავლენების გაღრმავებას”

არ დავუშვებთ პენიტენციურ სისტემაში ერთის მხრივ, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ზეგავლენების გაღრმავებას, ჩვენი თანამშრომლების შევიწროებას და არც ჩვენს თანამშრომლებს მივცემთ ადამიანის უფლებათა შელახვის უფლებას, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, კახა კახიშვილმა გააკეთა. მისივე განცხადებით, უწყებაში პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან ერთად, ქმედითი და ეფექტური მართვის მოდელს დანერგავენ. “ჩვენ უარს ვაცხადებთ იმ საბჭოურ მიდგომებზე, როდესაც სისტემის აბსოლუტურად ყველა მომუშავე იყო ოფიცერი – იყო ეს ბუღალტერი, იურისტი, ექიმი, სოციალური მუშაკი. ალბათ დამლაგებელიც ოფიცერი იყო, ოღონდ სხვა უწყების. გადავდივათ ახალ მოდელზე. პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან ერთად, ქმედითი და ეფექტური მართვის მოდელს ვნერგავთ. გადავდივართ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მოდელზე. უარს ვაცხადებთ პრაქტიკაზე, როდესაც თუკი ადამიანი ციხეში მოხვდებოდა, ყოველგვარ რესოციალიზაციაზე ფიქრი უნდა დამთავრებულიყო და გაძლებაზე ყოფილიყო. გვსურს დავნერგოთ მოდელი, როცა არ გაჩნდება კითხვები – ამას რატომ და მე – არა. ევროპული სტანდარტების მიხედვით, არ დავუშვებთ ერთის მხრივ, სისტემაში კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ზეგავლენების გაღრმავებას, ჩვენი თანამშრომლების შევიწროებას და ამავდროულად, არც ჩვენს თანამშრომლებს მივცემთ ადამიანის უფლებათა შელახვის უფლებას. აი, ასეთი სისტემა გვინდა დავნერგოთ”, – განაცხადა კახა კახიშვილმა. პარლამენტმა დღეს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებაზე და ამ მიმართულებით პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელა. დაგეგმილი ცვლილებებით, სასჯელაღსრულების არსებული დეპარტამენტი უქმდება და მის ნაცვლად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი – პენიტენციური დეპარტამენტი ყალიბდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები