„თავისუფალი თაობა“ დღემდე სტრუქტურაში დასაქმებულ “ციხის ჯალათებს” ასახელებს
ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი დარსალია “ციხის ჯალათებთან“ დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
“თავისუფალ თაობაში“ აცხადებენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების პირობებში დანაშაულებს სჩადიოდნენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დღემდე მუშაობენ.
ახალგაზრდული ორგანიზაცია პროკურატურაში ახლად შექმნილი დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მიმართავს, ამ საკითხზე სასწრაფო რეაგირება მოახდინოს.
„მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს, მოგეხსენებათ ის ვითარება, რაც ციხეებში ხდებოდა და ხდება, თუმცა ის ადამიანები, ვინც პირადად სჩადიოდნენ ამ დანაშაულებს, ე.წ. ჯალათები, დღემდე მუშაობენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მაგალითად, დავით ბუხრაშვილი, ნუნუ მჭედლიშვილი, რომ აღარაფერი არ ვთქვათ ბათუმის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარ ექიმზე – კახაბერ ორაგველიძეზე – ციხეებში კვლავ არინ ჩარჩენინლი „ნაცჯალათები“, რომლებიც მზად არიან საბოტაჟი მოაწყონ და არეულობა დათესონ, რისი ნიშნებიც აშკარაა. ამიტომ მოვითხოვთ გათავისუფლდეს ციხეები ჯალათებისაგან. ჩვენ მოვუწოდებთ პროკურატურაში ახლად შექმნილი დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, სასწრაფო რეაგირება მოახდინოს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მათ წინააღმდეგ ბევრი მასალაა, რომლებიც გამოძიებას საჭიროებს. ვთვლით, რომ არავის არ აქვს უფლება, უდიერად მოექცეს პატიმრებს და მათი უფლება რაიმე სახით შეილახოს“,- აცხადებს ანი დარსალია.