ომბუდსმენი ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტს გმობს
საქართველოს სახალხო დამცველი „ვარდების მოედანზე“ მიმდინარე აქციის გაშუქების დროს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტისთვის ირაკლი გედენიძისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის და მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება.
უჩა ნანუაშვილი გმობს ჟურნალისტ ირაკლი გედენიძის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით.
“მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს, რომელიც აშუქებდა „ვარდების მოედანზე“ მიმდინარე აქციას, ერთ–ერთი ავტომანქანიდან გადმოსული აქციის მონაწილე ფიზიკურად გაუსწორდა და დაუმტვრია ფოტოკამერა. როგორც გავრცელებული ვიდეომასალიდან ირკვევა, ინციდენტში აქტიურ მონაწილეობას იღებს კიდევ ერთი პიროვნება. სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბარში ირაკლი გედენიძემ აღნიშნა, რომ მანქანიდან გადმოსული პირი მისგან მოითხოვდა გადაღებული მასალის წაშლას, რაზეც გედენიძემ უარი უთხრა და განუმარტა, რომ იყო ჟურნალისტი და ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას. ამის შემდეგ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გედენიძის განმარტებით, აქციის მონაწილე მეორე პირი, რომელიც ასევე ჩანს გავრცელებულ ვიდეომასალაში, მას აკავებდა და არ აძლევდა თავდაცვისა თუ გარიდების შესაძლებლობას. როგორც შსს–ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით დგინდება, ძალადობით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 188-ე მუხლის 1 ნაწილით) დაკავებულია ერთი პიროვნება და მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ჟურნალისტ ირაკლი გედენიძის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს მაღალ სტანდარტს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან მიმართებით და ითვალისწინებს ისეთ დანაშაულს, როგორიცაა ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება გამოძიების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით წარმართვის ფაქტს და იმედოვნებს, რომ გამოძიება დროულად, გონივრულ ვადებში ჩატარდება. ამასთან, მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა, ორგანიზებული აქციის დროს მიიღონ ყველა შესაძლო კანონისმიერი ღონისძიება მსგავსი ქმედებების პრევენციისა და, ზოგადად, ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორ პილიტიკურ პარტიებს, განუმარტონ თავიანთ აქტივისტებს მედიის მუშაობის პროფესიული გარანტიები, აღნიშნულის ხელყოფის სამართლებრივი შედეგები და შეძლებისდაგვარად, უზრუნველყონ მსგავსი ძალადობრივი ქმედებების თავიდან აცილება, ხოლო მსგავსი პრეცედენტების შემთხვევაში ადეკვატური შეფასება მისცენ მომხდარს და აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“,-აცხადებს სახალხო დამცველი.