პრემიერი ზოგიერთი გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას არ გამორიცხავს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუწოდა, რომ წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია იმ რაიონების შესახებ, რომლებიც ვერ ხარჯავენ თანხებს. პრემიერი ზოგიერთი გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას არ გამორიცხავს.
“მე მინდა საჯარო გავხადო ეს პროცესი და ასევე ჩვენი პოლიტიკური ძალის მეშვეობით დავაყენებ მათი პასუხისმგებლობის საკითხს – იმ გამგებლების, რომლებიც ხელს უშლიან, ან საკრებულოს თავმჯდომარეების, რომლებიც აფერხებენ ამ პროცესს ამა თუ იმ ბიუროკრატიული ბარიერის გამო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, თუ რატომ აქვთ რიგ სამინისტროებს ბიუჯეტის შესრულების კუთხით ჩამორჩენა. როგორც განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ მისი უწყება გეგმას მიჰყვება, არსებობს რეკომენდაცია, ინფრასტრუქტურული ხარჯები კიდევ უფრო დააჩქაროს.
„სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი ძირითადი ინფრასტრუქტურული ხარჯი მოდის არდადეგების პერიოდზე, როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია, ამიტომ ამ პერიოდში ყოველთვის ვასწორებთ ხოლმე ამ ნაწილს. პრობლემა აქამდე არასდროს არ გვქონია”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მხრივ განათლების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროები უმნიშვნელოდ ჩამორჩებიან. მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის პერიოდში ინფრასტრუქტურული ხარჯი ყოველთვის შეზღუდულია. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, პირველი კვარტლის ბოლოს უფრო ზუსტი ინფორმაცია იქნება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები