კახა კალაძე: იმედი ვიქონიოთ, რომ ეს აღმაშფოთებელი დანაშაული გამოძიებული იქნება
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის ოჯახს და ახლობლებს სამძმარს უცხადებს. კალაძის განცხადებით, ბორის ნემცოვის მკვლელობა რუსეთის დემოკრატიისთვის დიდი დარტყმაა. ვიცე-პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ნემცოვის მკვლელობა გაიხსნება და დამნაშავეები დაისჯებიან.
“აუნაზღაურებელი დანაკლისი და მძიმე დარტყმაა რუსეთის დემოკრატიისთვის ბორის ნემცოვის მკვლელობა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამებრძოლებს.
ბორის ნემცოვი იყო პროფესიონალი პოლიტიკოსი, რომელიც თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძოდა. მისი მკვლელობა არის ტრაგედია.
იმედი ვიქონიოთ, რომ ეს აღმაშფოთებელი დანაშაული იქნება გამოძიებული, დამნაშავეები დასჯილი”, – აღნიშნულია კალაძის განცხადებაში.
რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
კრემლი მომხდარს პროვოკაციად აფასებს. მსოფლიო ლიდერები რუსეთის ხელისუფლებას მკვლელობის დაუყონებლივი გამოძიებისკენ მოუწოდებენ.