ილია მეორე: საქართველო აირჩია ღმერთმა და აქ განამტკიცა მართლმადიდებლობა
მართლმადიდებლობის ზეიმი არის ჭეშმარიტების ზეიმი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა.
“ეს არის ზეიმი, რომელიც დადგინდა ხატის თაყვანისცემის აღიარების შემდეგ. ჯერ კიდევ VII-VIII საუკუნეში იყო დიდი ბრძოლა ხატის წინააღმდეგ. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ ხატი არის კერპი და ამიტომ წინააღმდეგი იყო ხატების, თუმცა მერე დადგინდა თაყვანისცემა. მრავალი ხატია სასწაულმოქმედი. ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოში მრავალ ხატს სდის მირონი. ეს ხდება ჩვენი სარწმუნოების განმტკიცებისთვის”, – ბრაძანა პატრიარქმა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი სარწმუნოება.
“ღმერთმა ინებოს, რომ ღვთის ძალით გავრცელდეს მართლმადიდებლობა მთელ მსოფლიოში. მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. საქართველო აირჩია ღმერთმა, საქართველო არის წილხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლის და ამ ქვეყანაში განამტკიცა მართლმადიდებლობა”, – აღნიშნა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ დიდმარხვის პირველ კვირიაკეს, დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. ამ დღეს ეკლესია ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართა.