მიხეილ გორბაჩოვი: ბორის ნემცოვის მკვლელობა რუსეთში დესტაბილიზაციას გამოიწვევს
რუსეთის ფედერაციის ექსპრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის განცხადებით, ბორის ნემცოვის მკვლელობა რუსეთში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
„მოსკოვში მომხდარი დაშაული ხიდზე, სადაც ბორის ნემცოვი მოკლეს – ეს არის რუსეთში სიტუაციის გართულების დასაწყისი, რასაც შესაძლოა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ოპოზიციის გაძლიერება მოჰყვეს.
რომელმა მხარემ ჩაიდინა დანაშაული, ძნელი სათქმელია. დასკვნების გაკეთება ადრეა, როგორმე უნდა გაირკვეს სიმართლე“, – განუცხადა მიხეილ გორბაჩოვმა „ინტერფაქსს“.
„ინტერფაქსის“ კითხვაზე, სჯერა თუ არა მას, რომ ნემცოვის მკვლელობა ქვეყანაში საგანგებო ღონისძიებების დანერგვას გამოიწვევს, გორბაჩოვმა განაცხადა, იგი არ გამორიცხავს, რომ ასეთი მოწოდებებიც გაისმას.
„თუ ხელისუფლება სამხედრო გადაწყვეტილებების გზას დაადგება, ეს კიდევ უფრო დაძაბავს რუსეთში სიტუაციას. ჯერ უნდა გაიხსნას ეს მკვლელობა და იპოვონ დამნაშავეები. ამგვარი დანაშაულების შემსრულებლების მიგნება ძნელია. მაგრამ სამართალდამცველებმა არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა, რათა დროულად გაირკვეს დამნაშავის ვინაობა“, – აღნიშნა მიხეილ გორბაჩოვმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვის ცენტრში რუსეთის ხელისუფლების ოპოზიციური ლიდერი ბორის ნემცოვი უცნობმა პირმა რამდენიმე გასროლის შედეგად მოკლა. მიმდინარეობს გამოძიება.