გოგი ხუციშვილი: ჯანდაცვის განადგურება დაიწყო შევარდნაძის დროს და დღევანდელმა მთავრობამ ამ დარგს ჟანგბადი მიაწოდა
მედიკოსთა ლიგის“ თავმჯდომარე, გოგი ხუციშვილი ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს. როგორც ხუციშვლი გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას აღნიშნავს, მედიცინაში უზარმაზარი ფული ტრიალებს და ეს თანხა ხალხს აკლდება. მისი თქმით, ფული, რომელიც ხალხს აკლდება, კლინიკების მეპატრონეების ჯიბეებში ილექება. გოგი ხუციშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში უნდა გაიზარდოს პრევენცია და პროფილაქტიკური მედიცინა.
„რაც სამინისტრომ რეფორმად მონათლა, ეს რეფორმა არაა, ესაა სამედიცინო ბიზნესი და ჯანდაცვის სისტემა რეალურად დარჩენილია რეფორმის გარეშე. თქვენ გახსოვთ ის პერიოდი, როცა სამედიცინო დაწესებულებებზე მიდიოდა პირდაპირი და დამანგრეველი დარტყმები, ასევე კონკრეტულ ექიმებზე. დღეს დაუკვირდით, რა ხდება? ჯანდაცვის თითოეულ სისტემაზე მიდის ქება და რატომ? სახელმწიფო სტრუქტურიდან ჯანდაცვა გადავიდა კერძო სტრუქტურაში.
ჯანდაცვა საერთოდ, მომგებიანი დარგია, რომელსაც შეეძლო ქვეყნისთვის მილიარდობით მოგება მიეცა და ამ დროს განაცხადეს, რომ ეს წამგებიანი დარგია, მაგრამ დღეს, როგორც გითხარით, კერძო სტრუქტურაშია გადასული, სამინისტროს მხოლოდ სადამსჯელო ფუნქცია დარჩა და კონტროლს საერთოდ ვერ უწევს ჯანდაცვას. ეს საყოველთაო დაზღვევის მოდელი უნდა იცავდეს სიცოცხლეს, ანუ ესაა სიცოცხლის დაზღვევა, მაგრამ ეს დაზღვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის სუსტი და მიუღებელი, თუმცა ეს რომ არ შემოეტანათ, სამკურნალო დაწესებულებები კოტრდებოდა. აქ საუბარია მოსახლეობის მომსახურებაზე, ეკონომიურად განადგურებულ, ვალებში მყოფ საავადმყოფოებზე, მილიონობით უმუშევარზე და აწყობილი რომ იყოს სისტემა, დღეში ავადმყოფზე უნდა იხარჯებოდეს 10 ლარი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში იხარჯება 200 ლარი. ამიტომ, როცა ესენი საუბრობენ წარმატებაზე, ეს წარმატება არ არის, ანუ დღეს 70%-ს იხდის სახელმწიფო და 30%-ს იხდის ხალხი. ამ 30 პროცენტსაც ზოგჯერ სამინისტრო იხდის, ზოგჯერ გამგეობებიდან იხდიან, ზოგჯერ სხვადასხვა ფონდიდან, ანუ, ასე გადახდაც ხდება და ჩვენი ჯიბიდანაც. მაგრამ შეხედეთ ექიმების მდგომარეობას: ექიმები დატოვეს გამომუშავებაზე, და თუ მას ავადმყოფი არ ეყოლა, ის ან მოიხსნება, ან უხელფასოდ დარჩება. ექიმი რითია დაინტერესებული? ავადმყოფით და თუ ავადმყოფი არ ეყოლა, ექიმი ტოვებს საავადმყოფოს.
ჯანდაცვის განადგურება დაიწყო შევარდნაძის დროს და დღევანდელმა მთავრობამ ამ დარგს ჟანგბადი მიაწოდა, ეს საყოველთაო დაზღვევა რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, რევოლუცია მომხდარიყო, რადგანაც ადამიანები სახლ-კარს ყიდდნენ, რომ თავისი ავადმყოფი გადაერჩინათ და ის ფულები ვის სჭირდებოდა? საერთოდ, დაზღვევას ვინ აწარმოებს? სადაზღვევო კომპანია და რა ფუნქცია აკისრია სადაზღვევო კომპანიას მას სახელმწიფო აძლევს გარკვეულ თანხას და ის ამ თანხას ანაწილებს საავადმყოფოებზე. არის თუ არა ეს კომპანიები ზედმეტი რგოლი? – ძველმაც და ახალმაც! სააკაშვილის დროს რაც კი ნაკლოვანი მხარე იყო, არაფერი გამოსწორებულა. სააკაშვილის რეჟიმი რომ არ შეცვლილიყო, იგივეს გააკეთებდნენ ისინიც, რადგანაც ხელში უვარდებოდათ ობიექტები იაფად. მაგრამ ეს ობიექტები რესტორნები არაა, ეს საავადმყოფოებია და იქ გაჭირვებული ადამიანი მიდიოდა. ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, უზარმაზარი ფული ტრიალებს მედიცინაში, ეს აკლდება ხალხს და ილექება კლინიკების მეპატრონეების ჯიბეებში, წილებში ჰყავთ ის ადამიანები, ვინც მათ მხარს უჭერს. რეალური რეფორმები. უნდა გაიზარდოს პრევენცია და პროფილაქტიკური მედიცინა“, – განაცხადა ხუციშვილმა „ალიასთან“ საუბრისას.