ზვიად ძიძიგური, ვანო მერაბიშვილი და დავით კირკიტაძე ერთი ობიექტის მეწილეები არიან?!
რუსთავის ავტობაზრობის ერთ-ერთ მეწილედ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური მოიაზრება – ამის შესახებ გაზეთი „ალია“ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, თუ ზვიად ძიძიგურის შესახებ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია მართალია, მაშინ ძიძიგური, მერაბიშვილი და დავით კირკიტაძე ერთი ობიექტის მეწილეები ყოფილან. თუმცა, ზვიად ძიძიგური ამ ფაქტს უარყოფს. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსთავის ავტობაზრობის ფორმალური მფლობელი შპს „ავტოჰაუსია“, მაგრამ მას რამდენიმე ფაქტობრივი, რეალური მეპატრონე ჰყავდა.
“ამ ავტობაზრობის შესახებ ქართულ მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია გამოქვეყნებულა. ერთ-ერთი ვერსიით, ავტობაზრობის ასაშენებლად უკრაინელმა ინვესტორებმა 20 მილიონი დოლარი ჩადეს, ამ ინვესტორთა მოძიებაში უკრაინაში საქართველოს იმჟამინდელი ელჩი, გრიგოლ ქათამაძეც იყო ჩართული. უკრაინელებმა ბაზრობა აამუშავეს კიდეც, მაგრამ ვანო მერაბიშვილის სპეცსამსახურებმა უკრაინელი ბიზმესმენები აიძულეს და ეს ბიზნესი დაატოვებინეს, თანაც ისე, რომ ამ 20 მილიონიდან ერთი დოლარი არ მოუთხოვიათ უკან, დატოვეს ყველაფერი და უკანმოუხედავად გაიქცნენ საქართველოდანო. ამბობენ, რომ ამ საქმეში კუდ-ის უფროსი, დათა ახალაია იყო ჩართული, სწორედ მან მოახერხა ბიზნესმენთა კომპრომეტირება და ამ კომპრომატების გამოქვეყნების შიშით თქვეს აწყობილ ბიზნესზე უარი უკრაინელებმა. ამის შემდეგ, ვანო მერაბიშვილი გახდა ამ ავტობაზრობის მეპატრონე და ყველაზე მსხვილი წილის მფლობელი, მაგრამ ცხადია, წილი მასზე არ გაფორმებულა. ამბობენ, რომ მერაბიშვილმა მალევე გაყიდა თავისი წილი, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ცოლის, მეჰრიბან ალიევას ერთ-ერთმა კომპანიამ შეიძინა. თუმცა, ოფიციალურად, აზერბაიჯანული კომპანიის მიერ ავტობაზრობის მფლობელობა არ დასტურდება. გია უდესიანი ამ ავტობაზრობის დამფუძნებლებშია და წილში 33.374 კვ.მ მიწის ფართით შევიდა. უდესიანმა ეს მიწა საბაზრო ფასზე გაცილებით იაფად იყიდა და თან იმ დროს, როცა უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ამ ტერიტორიაზე ავტობაზრობა გაიხსნებოდა.
რაც შეეხება ირაკლი კირკიტაძეს, ის უშუალოდ ავტობაზრობის მეწილე არ იყო, მას იქ რამდენიმე ობიექტი ჰქონდა. ამბობენ, რომ 10%-იანი წილის მფლობელი გუბერნატორი დავით კირკიტაძე იყო, ამდენივე წილი ჰქონდა რუსთავის მერს, მამუკა ჩიქოვანს. გია უდესიანი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსთავის ავტობაზრობა მისმა უცხოელმა მეგობრებმა ააშენეს, ფული მათ ჩადეს და ბუნებრივია, რომ მისი ერთ-ერთი მეწილეა. თუმცა, ვინ არიან ეს უცხოელები, არ აკონკრეტებს. რუსთავის ავტობაზრობა „ნაცმოძრაობის“ დაფინანსების ერთერთი საშუალება იყო. როგორც იმ პერიოდში ამბობდნენ, ყოველთვიურად 1 მილიონი დოლარი ნაღდი ფული, რომელიც არსად ფიქსირდებოდა, „ნაცმოძრაობის“ ოფისში მიდიოდა, გარდა ამისა, გია უდესიანი ამ ავტობაზრობიდან შემოსული ფულით, საკუთარ „ზონდერების“ ერთ ნაწილს უხდიდა ხელფასებსო.
2012 წლის არჩევნების შემდეგ, რუსთავის ავტობაზრობის მეპატრონედ ისევ შპს „ავტოჰაუსი“ ფიქსირდება, თუმცა, დე ფაქტო მეპატრონეები, როგორც ამბობენ, გამოიცვალა. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ავტობაზრობის წილში პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური ჩაჯდა. ეს თუ მართალია, გამოდის, რომ ძიძიგური, მერაბიშვილი და დავით კირკიტაძე ერთი ობიექტის მეწილეები ყოფილან. ზვიად ძიძიგური ამ ფაქტს უარყოფს და სასაცილოდ არ ჰყოფნის, როცა ამ თემაზე ეკითხებიან ჟურნალისტები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არაერთ მედიასაშუალებაში დაიწერა და მისკენ არაერთი ადამიანი იშვერს ხელს. ავტოსადგომის გადასახადი კი შთამბეჭდავია.
შაბათ-კვირას, ადგილების პრესტიჟულობის მიხედვით, 1 ავტომობილის 1 დღე ღამით გაჩერება, 13-დან 25 ლარამდე მერყეობს, ამას დაუმატეთ მომსახურების 5 ლარი. სხვა დღეებში მანქანის გაჩერება 2-5 ლარი ღირს. ავტობაზრობაზე კი ათასობით ავტომანქანაა და მათგან მრავალი იქ რამდენიმე კვირა დგას. მოკლედ, ამ ძველი მაქინაციებით, სავარაუდოდ, გამოძიებაა დაინტერესებული და შესაძლოა, ფულის კეთების სქემა გახსნან და ამ საქმეში არაერთი „ნაციონალის“ გვარი ამოვარდეს. შეიძლება ხელისუფლებაში მყოფი „მეოცნებეებისაც“, მაგრამ საკითხავი ის არის, გაბედავს პროკურატურა „ოცნების“ ხალხზე საქმის აღძვრას“, – წერს „ალია“.