მილიონერ “ნაციონალ“ დეპუტატ კობა ნაყოფიას იჭერენ?

მილიონერ “ნაციონალ“ დეპუტატ კობა ნაყოფიას იჭერენ?- ამ სათაურით გაზეთი “ალია“ სკანდალურ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, მისთვის სკანდალური ინფორმაცია ხდება ცნობილი – კულუარული საუბრების თანახმად, არ არის გამორიცხული, რომ ნაყოფიას სადეპუტატო მანდატი შეუჩერონ. პრესაში დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ კობა ნაყოფიას გამილიონერება 2004 წლიდან იწყება. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სააქციო საზოგადოება “მადნეულში“ სახელმწიფო 98%-ს ფლობდა.
გაზეთი “ალია“ წერს, რომ კობა ნაყოფიას აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა იყო სქემის ნაწილი, რომელიც ეკონომიკის იმჟამინდელმა მინისტრმა და სხვა სახელმწიფო მოხელეებმა შეიმუშავეს. გამოცემის ინფორმაციით, ყოფილმა სახელმწიფო მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო “მადნეულის“ პრივატიზაცია, რომელსაც იმ დროისთვის არსებული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, უკვე მოპოვებული ჰქონდა 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების და დასაწყობებული კვარციტული მადნის მარაგი (საიდანაც ოქროს მიღება ხდება).
ამ გეგმის მიხედვით, პრივატიზაციის შედეგად საწარმოში უნდა შემოსულიყო უცხოელი ინვესტორი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის თვალის ასახვევად, თითქოს საბაზრო ფასად შეიძენდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოს 98%-ს თავისი უკვე მოპოვებული მარაგებით, რომლის არსებობაც უცნობი იყო მოსახლეობისთვის. რეალურად კი საწარმოს პრივატიზაცია მოხდებოდა მიზერულ ფასად, რის სანაცვლოდაც ინვესტორს “წილში ჩაუჯდებოდა“ სახელისუფლებო შტოებთან დაახლოებული პირი, რომელიც უზრუნველყოფდა მმართველი გუნდის „შავი ფულით“ მომარაგებას. ეს უკანასკნელი კი მოხმარდებოდა მათი გეგმებისა და ამოცანების შესრულებას.
სწორედ ამ კრიტერიუმით შეირჩა კობა ნაყოფია, რომელმაც კახა ბენდუქიძესთან შეთანხმებით აწარმოა მოლაპარაკებები რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებთან, სერგეი გენერალოვთან და სიმან პოვარენკინთან, რომელიც წარმატებით დასრულდა.
„ალიას“ ინფორმაციით, მათ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის შემდგომაც საწარმოს პრივატიზაცია მოხდა სახელმწიფოსთვის წამგებიანი პირობით – 36 მილიონ ლარად, ხოლო კობა ნაყოფიამ “მადნეულში“ მიიღო 25%-იანი წილი და მმართველობის უფლება.
“წამგებიან პირობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საწარმოს გასხვისების შემდგომ, უმოკლეს პერიოდში მოხდა “დოიჩე ბანკიდან“ კრედიტის – 300 მილიონი დოლარის აღება, რის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა შპს “კვარციტისა“ და “მადნეულის“ ქონება. მმართველობითი უფლების მოპოვების შემდეგ კობა ნაყოფიამ ბოროტად ისარგებლა ინვესტორების ნდობით და “მადნეულისა“ და “ კვარციტის“ ხელმძღვანელ თანამდებობებზე დაანიშნინა მისთვის სასურველი პირები, რომლებიც წარმოადგენდნენ მისი უახლოესი გარემოცვის წევრებსა და მათ მიერვე შექმნილ “ფილტრ“ ფირმებში მოახდენდნენ “შავი ფულის“ აკუმულირებას“, – წერს გამოცემა.
მათივე ცნობით, ამ მიზნით კობა ნაყოფიას დავალებით და მითითებით დაიწყო საწარმოების არაეფექტური მართვა – მისი უშუალო მითითებით, “მადნეულში“ და“კვარციტში“ ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშნული პირების მიერ დაფუძნდა რამდენიმე ურთიერთდამოკიდებული საწარმო ე.წ. ფილტრი ფირმები, მათ შორის შპს “ტექნიკა სერვისი“ და შპს “ნავიტას გრუპი“, რომლებიც შუალედურ რგოლს წარმოადგენდნენ “კვარციტისა“ და “მადნეულისთვის“ რეალურად მომსახურების გამწევ ფირმებს შორის, სწორედ აღნიშნულ “ფილტრ“ ფირმებში ხდებოდა დანაშაულებრივად, ზედმეტად გადახდილი თანხების დალექვა, რომელიც შემდგომ პირადად კობა ნაყოფიას “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებას ხმარდებოდა.
სწორედ ზემოხსენებული სქემის მიხედვით შპს “ტექნიკა სერვისისთვის“ და შპს “ნავიტას გრუპისთვის“ ზედმეტად გადაქაჩული თანხის ოდენობამ დაახლოებით 35 მილიონი ლარი შეადგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კობა ნაყოფია არჩეული იქნა პარლამენტის წევრად და ფაქტობრივად, ჩამოშორდა მმართველობით ფუნქციებს, შპს “ტექნიკა სერვისისგან“, 2010-2012 წლებში, ე.წ. “ატკატის“ სახით მიიღო 6 მილიონ ლარზე მეტი თანხა, რომლიდანაც დაახლოებით 4 მილიონი ლარი უშუალოდ ჩაირიცხა მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო 2 მილიონი ლარი – მის მიერვე დაფუძნებული კომპანიის “გოლდ ინვესტის“ ანგარიშზე, საიდანაც ფილმის “აგვისტოს 5 დღის“ დაფინანსება მოხდა.
“გავრცელებული ინფორმაციით, ნაყოფიამ დააფინანსა სტინგისა და სხვა ცნობილი მომღერლების მიერ “ნაციონალურ მოძრაობის“ პიარკამპანიისთვის გამართული ღონისძიებები. მანვე შეიძინა სოფო ნიჟარაძისთვის ძვირად ღირებული ბრენდის “დოლჩე-გაბანას“ წითელი კაბა, რომლითაც ის წარდგა ანდრია ბოჩელის კონცერზე“,-წერს „ალია“.
გამოცემის ინფორმაციით, ამ თანხებისათვის კანონიერი სახის მისაცემად შპს “ ტექნიკა სერვისსა“ და კობა ნაყოფიას შორის გაფორმდა ყალბი სახის ხელშეკრულებები, მეტიც, კობა ნაყოფიამ თავისი შვილი ნიკოლოზ ნაყოფია დანიშნა “კვარციტში“ გენერალური დირექტორის მრჩევლად საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში, რომელმაც 2009-2011 წლების განმავლობაში ხელფასის სახით მიიღო დაახლოებით 7 მილიონი ლარი. აღსანიშნავია, რომ კვარციტული მადნის მოპოვების აუცილებელ წინაპირობას საბადოს გეოლოგიური კვლევა სჭირდება, რაც დაკავშირებულია დიდ თანხებთან და ხანგრძლივ პერიოდთან.
“ალიას “ ინფორმაციით, კობა ნაყოფია პარლამენტში არ ცხადდება. ის დიდი ხანია მოსკოვში იმყოფება. „ალია“ არ გამორიცხავს, რომ ნაყოფიამ ქვეყანა განზრახ დატოვა, რათა ქართველ სამართალდამცველებს თავი აარიდოს. “ხომ არ არის კობა ნაყოფია ქვეყნიდან გაქცეული, ხომ არ მოუწევთ ჩვენს სამართალდამცავებს წითელ ცირკულარში მისი ჩასმა“, – სვამს კითხვას ჟურნალისტი სტატიის ბოლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები