„ისლამური ხალიფატის“ ტერორისტებმა ერაყის ქალაქ მოსულის მუზეუმში დაცული ძვ. წთ. VIII-VII სს-ების არქეოლოგიური ექსპონატები გაანადგურეს.
ტერორისტებმა ასურეთის სამეფოს დედაქალაქ ნინევიის უძველესი ძეგლები უროების გამოყენებით დაამტვრიეს და ეს პროცესი ვიდეოკამერით გადაიღეს. ისლამისტების განცხადებით, ეს ძეგლები ჭეშმარიტ რწმენას ეწინააღმდეგება და ამიტომაც განადგურებას ექვემდებარება.
გარდა ამისა, ტერორისტებმა მოსულის ბიბლიოთეკაში დაცული უძველესი ხელნაწერები და წიგნებიც გაანადგურეს. ისლამისტებმა ბიბლიოთეკის ფონდში დაცული არანაკლებ 8 ათასი უძველესი მანუსკრიპტი ერთად შეაგროვეს და ცეცხლში დაწვეს. მათ შორის ბევრი ეგზემპლარი, მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, „იუნესკოს“ დაცვის ქვეშ იმყოფებოდა.
მოსულის ბიბლიოთეკის დირექტორის განიმ ალ-ტაანის სიტყვებით, შემდეგ ექსტრემისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობების საშუალებით შენობაც გაანადგურეს. „ხალხი ცდილობდა, ტერორისტების ჯგუფისთვის ბიბლიოთეკის დაწვის ნება არ მიეცათ, თუმცა ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხეს“, – განაცხადა განიმ ალ-ტაანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტებმა ქალაქში რამდენიმე ბიბლიოთეკა დაწვეს. ყველაზე მეტად სუნიტი მუსულმანების ბიბლიოთეკა, კათოლიკური ეკლესიის 265 -წლოვანი ბიბლიოთეკა და დომინიკანელთა მონასტერი დაზარალდა.
წყარო: aa.com.tr ; americaru.com ; fapnews.ru